მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს"

5c93c5f13465c
ლიკა გურაბანიძე
22.03.19 10:20
608
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის შეფასებით, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს.

ამის შესახებ ზამბახიძემ 2018 წლის FDI-ის შემცირებული სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით, 16 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3.5 მლნ-ით აღემატება, ფაქტია, დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებადაა მიმზიდველი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი ის ფაქტი, რომ FDI 34.9%-ით შემცირდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ჩვენს შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს დავასახელებ, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბიზნესის ოპერირებაში აფერხებს. თუ ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებთ, ეს ქვეყნისთვის რეალურად დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ზამბახიძემ.

როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა აეკრძალათ.

შეგახსნებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატი და ასევე, საქართველოს მთავრობა 2018 წელს FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები