1 ივლისს ძალაში შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ძირითადად უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება.
უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე და შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში იცხოვრა. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრების ადა დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი.
კანონის ამ რედაქციას განხორციელებული ცვლილბების შედეგად კიდევ ერთი ქვეპუნქტი დაემატა, რომელიც უვადო ბინადრობის მისაღებად დამატებით მოთხოვნებს აწესებს.
კერძოდ, უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწამეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში კი არანაკლებ 100 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.
ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში არანაკლებ 120 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა ან 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
უვადო ბინადრობის ნებართვა კანონის ახალი რედაქციითაც მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა.
კანონს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც, უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, ამ ნებართვის მოქმედების 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში საქმიანობის მე-5 წელს არანაკლებ 120 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზეც საინვეტსიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო რეესტრიდან წარადგინოს ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ.

























