აუდიტორიული კომპანია BDO-ს პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, თუ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აიკრძალება, ეს მიწის მფლობელებისთვისაც ცუდი იქნება, რადგან მიწებზე ფასი დაეცემა. ასე ეხმაურება ლალაზაშვილი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ წინადადებას, რომლითაც გაჩნდება საკონსტიტუციო ჩანაწერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ზოგადად შეზღუდვების მომხრე არ არის, თუმცა, მნიშნელოვანია, რა ფორმულირება ექნება საკონსტიტუციო ჩანაწერს. ლალაზაშვილის თქმით, საინტერესოა, რა ჩაიწერება საბოლოო კანონში - მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს არ ექნება მიწის შეძენის შესაძლებლობა, თუ მის კომპანიასაც?
ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლება აქამდე საუბრობდა იმის შესახებ, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი კონსტიტუციაში საერთოდ არ იქნებოდა და ამას მხოლოდ ორგანული კანონი დაარეგულირებდა, რა მიდგომაც ახლა შეიცვალა.
"ფორმულირებას აქვს მნიშვნელობა, შეიძლება უცხოელ ფიზიკურ პირს არ ჰქონდეს შესყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ ჰქონდეს მის მიერ დაარსებულ კომპანიას. საბოლოო ჯამში, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც დღეს მიწის მფლობელია - ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს - მათთვისაც ძალიან ცუდი იქნება აკრძალვები. მიწებზე ფასი დაეცემა, არ მოხვდება ეკონომიკურ ბრუნვაში, რადგან არ ექნება სტიმული არავის, რომ გაყიდოს და რამე გააკეთოს. ვფიქრობ, მორატორიმი და ყველგვარი შეზღუდვები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე",- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვიილი.

























