"უცხოელებზე მიწის მიყიდვის სრული აკრძალვა არავის აქვს განზრახული", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი, ნიკა ნანუაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან "ანალიტიკისთვის" ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ აცხადებს.
ამერიკის სავაჭრო პალატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების დღეს არსებულ პროექტში, რომელიც ერთი თვის წინ მეორე მოსმენით მიიღეს, ჩანაწერი კრძალავს უცხოელის მხრიდან "მიწის”, და არა მხოლოდ “სასოფლო-სამეურნეო მიწის”, ფლობას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ზოგადად მიწის მიყიდვის აკრძალვა არავის აქვს განზრახული და ამაზე საუბარი არც ყოფილა. ნიკა ნანუაშვილის განმარტებით, თუ დღეს არსებული პროექტით აღიქმება, რომ საუბარია უცხოელებზე ზოგადად მიწის გასხვისების აკრძალვაზე, ეს მიჩნეულ იქნება ტექნიკურ ხარვეზად და შესაძლებელია ეს პუნქტი პროექტის მესამე მოსმენისას ჩასწორდეს.
"სრული აკრძალვა ბუნებრივია არავის არ აქვს განზრახული, ამაზე არც იყო საუბარი. დადგინდება პირობები, რომელი პირობების დაცვითაც შეეძლებათ უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. ჩვენ დარწმინებული ვართ, აკრძალვა არ იქნება მკაცრი, ხისტი და პირდაპირი. აქ საუბარია სასოფლო-სამეუნრო მიწაზე. არასასოფლო დანიშნულების სამეურნეო მიწაზე არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება. ამ მიმართულებით შესაძლოა მცირე კორექტირება გახდეს საჭირო იგივე კონსტიტუციის პროექტში. ეს უკვე ორგანული კანონით ან კანონით უნდა განისაზღვროს, რომ არასასოფლო დანიშნულების მიწაზე შეზრუდვები და აკრძალვები არ ვრცელდება. ეს არ იქნებოდა ლოგიკური. თუ მოქმედ პროექტში აღიქმება, რომ იკრძალება ზოგადად მიწის გასხვისება, ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას ტექნიკურ ხარვეზად და მესამე მოსმენით გასწორდეს. მნიშვნელობვანია ეს პროცესი მალე დასრულდეს, რათა ინვესტორებს ვუთრხათ, არა, ჩვენ არ ვკრძალავთ გასხვისებას, არამედ გვინდა გვყავდეს კვალიფიციური ინვეტორები", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი "ანალიტიკასთან" საუბარში.

























