მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოური ბრენდებისგან თვეში 900,000 ევროს შეკვეთას ვიღებდით" - MGMTex-ის მოლოდინები

5eb91c35b194c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 14:41
1701
"მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან უფრო გააქტიურდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ბრენდები", - ამის შესახებ BM.GE-ის „ემჯიემტექსის“ დღეისათვის გაჩერებული საწარმოს დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ახლა საერთაშორისო ბრენდები მათთან მცირე მოცულობის შეკვეთებზე საუბრობენ, მაშინ როდესაც პანდემიამდე შეკვეთების თვიური მოცულობა 900 000 ევროს აღწევდა. 

„ევროპაში არსებულმა კომპანიებმა, რომლებიც ჩვენი ძირითადი დამკვეთები იყვნენ, გააჩერეს შეკვეთები და ამიტომ არ ვიცით, როდის შევძლებთ კვლავ ამოქმდებას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა „ზარა“, „ნექსთი“, „მარკ ენდ სპენსერი“ და სხვა, თურქეთში არსებულ საწარმოებთანაც გააჩერეს შეკვეთები და ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი საწარმო ბრენდებისგან, ჯამში, თვეში დაახლოებით 900 000 ევრომდე შეკვეთას იღებდა, ძალიან დიდი შეკვეთები გვქონდა, რომელსაც ქვეკონტრაქტორ საწარმოებთან ერთად ვასრულებდით და დაახლოებით, 900 თანამშრომლამდე ვინახავდით. ახლა არის მცირე მოცულობის შეკვეთებზე საუბარი. იმ რაოდენობებზე, რომელიც ადრე იყო, ჩვენი პარტნიორები არ საუბრობენ. ჩვენ ვერ შევძლებთ ამოქმდებას, სანამ ეს ნორმალურ მასშტაბებს არ დაუბრუნდება, რადგან ქარხანა თუ ამუშავდება, ვეღარ გავჩერდებით, ამისთვის კი, შეკვეთების შესაბამისი რაოდენობა უნდა გვქონდეს, რომ შევძლოთ ოპერირება. რთულია იმის თქმა როდის ავმუშავდებით ისევ; მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან უფრო გააქტიურდებიან ჩვენი პარტნიორი ბრენდები“, - განაცხადა „ემჯიემტექსის“ დირექტორმა. 

ცნობისთვის, ქუთაისში მოქმედმა საწარმომ, რომელიც 2018 წელს რუმინული ინვესტიციით და "აწარმოე საქართველოს" თანადაფინანსების კომპონენტით ამოქმედდა, პანდემიის გამო წარმოების პროცესი 16 აპრილს შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები