მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ მყარია, ამ ეტაპზე დრამატულ რყევებს არ ველოდებით - არსი

ბესო ორთოიძე

დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც კომპანია „არსში“ BMG-ის განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, გასულ თვეებში შემცირებული მოთხოვნა ამ დროისთვის შედარებით დასტაბილურდა და მარტი-აპრილის პერიოდში ბინების გაყიდვები აღდგა.

„არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით, დაგროვებულ მოთხოვნასთან ერთად, გაყიდვების ზრდა თავად დეველოპერული კომპანიების მიერ გააქტიურებულ შეთავაზებებს, მათ შორის შიდა განვადებებს უკავშირდება.

„გვაქვს რყევები, რადგან არასტაბილური გარემოა, თუმცა თებერვლიდან ბაზარი აღდგა და ტრანზაქციები ფიქსირდება, უკვე აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი ჩამორჩენა თუნდაც გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა საკმაოდ სტაბილურია. თებერვალში, როდესაც საკმაოდ კარგი გაყიდვები დაფიქსირდა, მოლოდინი იყო, რომ ეს შეიძლება დაგროვილი მოთხოვნა ყოფილიყო, რომელიც დეკემბერ-იანვარში გაყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული, თუმცა ეს ტენდენცია მარტი-აპრილშიც გაგრძელდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნის ნაწილი საკმაოდ მყარია და ამ ეტაპზე დრამატულ შემცირებას და რყევებს არ ველოდებით.

ჩვენს შემთხვევაში გაყიდვების ზრდა 30-40%-ის ფარგლებში იყო, თუმცა ჩვენი შემთხვევა ბაზრის საერთო კონტექსტიდან ცოტა ამოვარდნილია, რადგან უფრო მეტად დასრულებული ბინები გვაქვს, რაზეც მოთხოვნა უფრო მეტად შეიძლება იყოს, როდესაც ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში. თუმცა ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზეც საკმაოდ ნორმალური სიტუაცია გვაქვს. მესმის, რომ საკმაოდ არაპროგნოზირებად გარემოში ვართ და მაინც უნდა დავაკვირდეთ ბაზარს, როგორ განვითარდება მოვლენები. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში იპოთეკური სესხების გაცემები შემცირდა, თუმცა ბინების გაყიდვები ასე მნიშვნელოვნად არაა შემცირებული. ეს განპირობებულია იმით, რომ დეველოპერებს საკმაოდ ბევრი შეთავაზება აქვთ, რომელიც იპოთეკურ სესხს ჰგავს, არის გრძელვადიანი განვადებები. ეს იმან გამოიწვია, რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია, შესაბამისად, კომპანიებმა მომხმარებლებს შესთავაზეს, რომ ანალოგიური პროდუქტით შეიძინონ უძრავი ქონება”, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში, მარტში 3,064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა მცირედ - 1.5%-ით შემცირდა. უშუალოდ ახალ პროექტებში კი ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები