ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა უძრავი ქონების ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში კრიზისის დაწყების ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ბაზრის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე მაკროეკონომიკური პარამეტრები გაზრდილ რისკებზე არ მიუთითებენ.
„კითხვაზე, ველოდებით თუ არა კრიზისს უძრავი ქონების ბაზარზე, ჩემი პასუხია რომ არა. მე პირადად რა მონაცემებსაც ვუყურებ, იმის გათვალისწინებით კრიზისს არ ველოდები. რასაც ველოდები არის ის, რომ ისეთი მოგებიანი ბიზნესი როგორიც ეს იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში არ იქნება მომავალი 1-2 წლის პერიოდში და მერე უკვე ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაწყდება ის გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება რაც დღეს გვაქვს.
ამის თქმის საფუძველს რა მაძლევს, - თუ შევხედავთ უძრავი ქონების ფასების ინდექსს, ვხედავთ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 36%-ით არის ფასები გაზრდილი, როცა მშენებლობის ხარჯი გაზრდილია 20%-ით. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესები ახერხებენ უფრო მეტი მოიგონ ამ სექტორიდან, შესაბამისად, როცა ჩანს რომ ეს გაუმჯობესება მათი მხრიდან, ეს მაფიქრებინებს იმას, რომ აქვთ ლუფტი შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა, მაგ მხრივ მე რაიმე რისკს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება მშპ-ში კონტრიბუციას, მშენებლობის სექტორს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს რომ შევხედოთ, ორივე 2024 წელს უფრო მცირე როლს თამაშობს ეკონომიკაში ვიდრე თამაშობდა წინა წლებში. სურათი იმისა, რომ ეს სექტორი უფრო მეტად ფართოვდება ვიდრე ეკონომიკური ზრდა, არ არის. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჭარბ მიწოდებაზე, გაზრდილ წარმოებაზე და ა.შ. ამას არ ამბობს მშპ-ს ანალიზი. ის გვეუბნება, რომ მიყვება იგივე ტრენდს.
კოვიდის დაწყების დროს სექტორი მივიდა მთავრობასთან და უთხრა ჩამოვიქცევითო და მაშინ მე და ჩემი კოლეგები ვიძახდით რომ არაფერი სჭირდა სექტორს ჩამოსაქცევი, იგივე მგონია ახლაც, ამიტომ ხანდახან ჩვენ კვლევითი ორგანიზაციები გაცილებით უფრო ობიექტურები და თანმიმდევრულები ვართ ხოლმე შეფასებებისას, ვიდრე თავად სექტორი," - განმარტავს პაპავა.
საშუალო და გრძელვადიან პერიოდში არსებულ მოლოდინებზე საუბრისას კი ეკონომისტი ამბობს, რომ თუკი შექმნილი პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების პროცესს არ განაახლებს, სავარაუდოა, რომ ბაზრისადმი ინვესტორების ინტერესი შემცირდება და ის არსებულ მიმზიდველობას დაკარგავს.
"არის რიგი საკითხები რომელიც დაფიქრებად ღირს და რამდენიმეს გეტყვით: როცა მშენებლობის სექტორში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ, ის დიდ როლს არ თამაშობს, ერთადერთია უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სადაც უფრო არის დაინტერესება უცხოური ინვესტორებისგან. როდესაც საქსტატი სექტორს ბრუნვას გვეუბნება, მას შლის ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებად და საინტერესოა, რომ უცხოელების წილი მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2024 წელსაც. მაგ. თუ ადგილობრივ მფლობელობაში ბიზნესების ბრუნვა შარშან 27%-ით გაიზარდა, უცხოელების შემცირდა 6%-ით. ჯამში სექტორი გაზრდილია, თუმცა ცალსახაა, რომ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს. მაშინ როცა ვსაუბრობთ რაღაც პროექტებზე, რომელიც ვიღაცებმა საიდანღაც უნდა დააფინანსონ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სექტორი ადგილობრივზეა ორიენტირებული და უცხოელების მხრიდან მიმზიდველობა არ ჩანს.
როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ვლაპარაკობთ, 2024 წელს შემოვიდა უფრო ნაკლები ვიდრე 2016, 2017, 2018 და 2019წწ-ში, ის რომ ქვეყანაში ინვესტიციების ბუმია, ეს ასე არ არის. იგივე სურათია ამ სექტორშიც, მშენებლობა და უძრავი ქონება რომ შევაჯამოთ, აქაც ნაკლებია ყველა წინა წელზე, ანუ ამ სექტორში 2024-ში უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა ვიდრე 2023-ში, 2023-ში უფრო ნაკლები იყო ვიდრე 2022-ში. 2021-ში და 2020-ის მაჩვენებლები ჩამორჩებოდა მიმდინარეს, უბრალოდ კოვიდის წლები იყო და ამის შედარება არ იქნება სწორი.
როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის მომავალზე, არ მგონია რომ კრიზისია, ან ბუშტია და ხვალ აფეთქდება, ეს ცალსახად არ მგონია, მაგრამ იგივე ქსპორტ-იმპორტზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ მანქანების რეექსპორტს რომ გამოვაკლებთ ექსპორტი არსად არ იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტი სურათი ობიექტურად დავინახოთ.
შეჯამებისთვის , როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ ნამდვილად, უძრავი ქონების სექტორი მნიშვნელოვნად მიბმულია ზრდაზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ რაღაცის შეძენაზე, საუბარია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. მოლოდინები არავის აქვს პოზიტიური, ეს ახდება თუ არა მომავალში ვერ გეტყვით, თუმცა არანაირი მიუკერძოებელი ექსპერტული დასკვნა არ ამბობს, რომ თუ ის სიტუაცია რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში არ გადაწყდა, ჩვენ შეგვიძლია პოზიტიურ მოლოდინებზე ვისაუბროთ და ეს აისახება იმ კლიენტურაზე რომელიც დეველოპმენტს ჰყავს. ესენი არიან სწორედ ის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ურტყამს დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. თუ არის მოლოდინი იმისა, რომ გაუარესებული პოლიტიკური მდგომარეობის და ევროპიდან ასეთი დაშორების მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყანაში დავდოთ ის მაჩვენებლები რომლებიც ბოლო წლებში გვქონდა, არ იქნება სწორი. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ხვალ ვიღაცა სახლს აღარ აუშენებს,“ - განაცხადა პაპავამ.