ტერმინი “უძრავი ქონების ბუშტები” აღნიშნავს დროებით პერიოდებს, რომლებიც უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნით, დაბალი მიწოდებით და გაზრდილი ფასებით ხასიათდება. “საბინაო ბუშტების” შექმნას კი ყველაზე ხშირად გადაჭარბებული სამშენებლო აქტივობა და დაკრედიტება იწვევს.
UBS-ის უძრავი ქონების ბუშტების ინდექსის მონაცემები 25 გლობალურ ქალაქს აერთიანებს და მათ ბუშტების რისკის მიხედვით აფასებს. ამ მონაცემებს კი თავი Visual Capitalist-მა მოუყარა.
ირკვევა, რომ 2022 წელს უძრავი ქონების ბუშტების რეიტინგში ცხრა ქალაქი იყო კლასიფიცირებული, როგორც უკიდურესი რისკი მქონე, ეს ქალაქებია: ტორონტო, ფრანკფურტი, ციურიხი, მიუნხენი, ჰონგ-კონგი, ვანკუვერი, ამსტერდამი, თელ-ავივი და ტოკიო.
რეიტინგის სათავეში კანადის უდიდესი ქალაქი გვხვდება, რადგან უკვე რამდენიმე წელია, ტორონტოში უძრავი ქონების ფასები სტაბილურად მზარდია. სწორედ ამ მიზეზით ასახელებენ ანალიტიკოსები მას “საბინაო ბუშტის” ყველაზე მაღალი რისკის მქონედ - 2.24-ნიშნულიანი მაჩვენებლით.
ბუშტების ინდექსის შედარებით დაბალი - 1.70 ქულა აქვს კანადის კიდევ ერთ ქალაქს - ვანკუვერს და, როგორც ტორონტოს ისე ვანკუვერის შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე ფასების ამგვარ მატებას ცხოვრების მაღალ ხარისხს და აყვავებულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უკავშირებენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის არცერთი ქალაქი არ დასახელებულა ყველაზე ექსტრემალური ბუშტების რისკის მქონედ. თუმცა, როგორც ირკვევა, წითელ ზღვართან ყველაზე ახლოს მაიამია, რომელსაც ბუშტების ინდექსში 1,39 ქულა ერგო.
მაიამის გარდა, “საბინაო ბუშტების” საშუალო რისკის მქონედ კიდევ 11 ქალაქი დასახელდა, მათ შორისაა ლოს ანჯელესი, სტოკჰოლმი, პარიზი და სიდნეი.
ხოლო დაბალი რისკი - მილანს, სან პაულოს, დუბაის და ვარშავას აქვს.
დაბოლოს, ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, “საბინაო ბუშტების” რისკ ზონაში მყოფ ქალაქებში ბინების შეძენა საშუალოდ 60%-ით გაძვირდა; ხოლო დაქირავება - 12%-ით. თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, უძრავ ქონებაზე მუდმივად მზარდი ფასები დიდხანს არ შენარჩუნდება. UBS-ის თანახმად, “საბინაო ბუშტებზე” მაღალი რისკის მქონე ქალაქების უმეტესობაში ბინების ფასების კორექტირება უკვე დაწყებულია.

























