"უძრავი ქონების რეფორმების ცენტრი" ბროკერების ლიცენზირების ინიციატვით გამოდის. "საერთაშორისო სავაჭრო პალატაში" შექმნილი ახალი კომიტეტი "რეალტორთა ასოციაციის" ყოფილი წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
კომპანია "რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი და "უძრავი ქონების რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ბროკერების ლიცენზირება სფეროს მოწესრიგებისთვის აუცილებელია. სანამ სპეციალისტების ლიცენზირება დაიწყება, მანამდე ზოგადად რეალტორთა შესახებ კანონის მიღება უნდა მოხდეს, რაც მარიამ ასათიანის თქმით, დღეს საერთოდ არ არსებობს.
მისი ინფორმაციით, ჯერ კანონით უნდა მოხდეს ბროკერების, რეალტორების ცნებების განსაზღვრა, უნდა ჩამოყალიბდეს ის კრიტერიუმები, რომლებსაც ამ სფეროს სპეციალისტები უნდა აკმაყოფილებდნენ.
მარიამ ასათიანი ამბობს, რომ სფეროს დარეგულირება აუცილებელია, რამდენადაც დღეს არსებობს უამრავი კომპანია თუ შუამავალი ე.წ. მაკლერი, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ, მაგრამ ბიუჯეტში თანხებს არ იხდიან.
"ჩვენ MLS (Multiple Listing System) სისტემა ჩამოვაყალიბეთ რეალტორთა ასოციაციაში, რომელსაც უნდა აღერიცხა მთლიანად სფეროში არსებული სიტუაცია - დადებული გარიგებები, გასაყიდი ქონების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. სისტემა ჩაეშვა, თუმცა, მან ვერ იმუშავა და აქ არ იყო ტექნიკური პრობლემა. პრობლემა გვქონდა ნდობაში რეალტორებს შორის, აუცილებელია ნდობა იყოს რეალტორებში, ეთიკა უნდა იყოს და რაც მთავარია, გამჭვირვალობას არ უნდა გაურბოდნენ რეალტორები - ისინი გამჭვირვალედ უნდა აცხადებდნენ, რა გაყიდეს, რა გააქირავეს. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბაზარი არ არის გამჭვირვალე, უმეტესობა კომპანიებისა და ინდივიდებისა, რომლებიც ჩართული არიან ამ სფეროში, გადასახადებს არ იხდიან",- აცხადებს მარიამ ასათიანი.
მისივე თქმით, სფეროს მოსაწესრიგებლად რამდენიმე ეტაპია საჭირო და თავიდანვე ბროკერების ლიცენზირება არ უნდა მოხდეს.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ეტაპი რეფორმებისთვის: უნდა შეიქმნას ტრენინგ-ცენტრი, სადაც სწავლების კურსს გაივლიან რეალტორები და მხოლოდ ამის შემდეგ მივადგებით ლიცენზირებას.
კანონის პირველადი ვარიანტი უკვე მზად არის. იმისთვის, რომ ერთი ხელის მოსმით არ შევიდეს ცვლილებები ძალაში, რასაც რეალურად ბაზრის ადაპტაცია სჭირდება, ეტაპობრივად მოხდება ახალ სისტემაზე გადასვლა. ამიტომ გვინდა, რომ თავიდან შეიქმნას ზოგადი კანონი, რომელიც შემოიტანს ბროკერის, რეალტორის ცნებას. უნდა შემოვიდეს სტანდარტი, თუ რას უნდა შეესაბამებოდეს რეალტორების, ბროკერების ცოდნა, უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ბროკერის სტატუსი. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ლიცენზირებაზე საუბარი. დღეს ძალიან დიდი შიში არსებობს, რომ ეს ცვლილებები ვინმეს სამსახურს დააკარგვინებს. ამიტომ რეგულირება და ლიცენზირება ყოველთვის სიფრთხილით არის გასაკეთებელი",- აცხადებს მარიამ ასათიანი.
მისი თქმით, მთლიანად კანონის ძალაში შესვლას დაახლოებით 18 თვე დასჭირდება.
"უკვე გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასთან. ეს არის რეალურად ინვესტორთა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რადგან ძალიან ხშირდ თაღლითობებს აქვს ადგილი. წარმოიდგინეთ, ჩვენი ჯანმრთელობა ვანდოთ ექიმს, რომელსაც დიპლომი არ აქვს. უძრავი ქონების ბაზარზე კი საუბარია საკმაოდ დიდ ინვესტიციაზე. ქვეყნისთვისაც ცუდი რამ კეთდება, როდესაც ინვესტორი ჩამოდის და შემთხვევითი ადამიანის ხელში ხვდება, რომელიც ლახავს მთლიანად სფეროს იმიჯს",- აცხადებს მარიამ ასათიანი.

























