მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო „ბიზნეს კურსი“ "საქართველოს ბანკისგან" - მიმართულებები, რომელსაც პროგრამით გაივლით

5fd85399126d6
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 11:30
2773
ბიზნესის წარმოებისას ხშირად დამწყებ, მცირე თუ საშუალო მეწარმეებს იდეის გაჩენიდან მის სრულყოფამდე გრძელი და კითხვებით სავსე გზის გავლა უწევთ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ბიზნეს საქმიანობაში დაინტერესებული სუბიექტების განათლებისა და პროფესიული უნარების ასამაღლებლად, "საქართველოს ბანკმა" ახალი პლატფორმა „ბიზნეს კურსი“ აამოქმედა.

როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა; კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები; მარაგების მართვა; იდეიდან წარმატებამდე - ეს ის მიმართულებებია, სადაც რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ მსურველებს ბიზნესკურსის გავლის შესაძლებლობა უფასოდ ეძლევათ. ლექციების კურსს კი, მათთვის მაღალკვალიფიციური ლექტორები, კონსულტანტები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები წარმართავენ:

ბიზნეს გეგმის შედგენის თავისებურებებს მსურველებს MSc, ACCA, Cresco Consulting-ის დამფუძნებელი ეკატერინე პაპიაშვილი გაუზიარებს;

ფინანსური მაჩვენებლების კურსის გავლის შემდეგ, რომელსაც EBIT ჯგუფის დამფუძნებელი ვლად ბეჟაშვილი წარმართავს, ბიზნეს სუბიექტები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას დამოუკიდებლად შეძლებენ და გაიგებენ როგორ გამოიყენონ ფინანსური ინფორმაცია ეფექტური ბიზნესგადაწყეტილებების მისაღებად.

მარაგების მართვის კურსი, რომელსაც ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე უძღვება, დაინტერესებულ პირებს დაეხმარება შეამცირონ მარაგების მართვასთან არსებული ხარჯები და იმის მნიშვნელობაზე დააფიქრებთ, თუ რამდენად საჭიროა მარაგების მართვის გაციფრულება.

კურსი - იდეიდან წარმატებამდე ბიზნესის დაწყების წინაპირობებს, სამართლებრივ სტრუქტურას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და ყველა იმ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, რაც ბიზნეს იდეის წარმატებულ ბიზნესად ქცევისთვისაა საჭირო.

BM.GE დაინტერესდა რატომ და როგორ განისაზღვრა პლატფორმის ძირითადი ბიზნესკურსები. "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი აღნიშნავს, რომ "საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს მოუსმინოს მომხმარებელს და მეტი გაიგოს ბიზნესების საჭიროებებსა თუ გამოწვევებზე.

„ბიზნეს კურსის შექმნის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც დავინახეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრი ახალი ბიზნესი ცდილობდა ფეხის მოკიდებას. გადავწყვიტეთ, ჩვენი „დაგროვილი ცოდნა“ მიმდინარე გამოწვევების, თუ შესაძლებლობების შესახებ მომხმარებლისთვის გაგვეზიარებინა და ამით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მათ სამომავლო განვითარებაში. "ბიზნეს კურსი" პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. პროექტი ბანკის სტრატეგიის ნაწილია, რაც ბიზნესების წარმატების მისაღწევად ხელშეწყობას გულისხმობს. განათლება კი ამ ყველაფრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. "საქართველოს ბანკი" უკვე წლებია მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებებით ტრენინგებს სთავაზობს, თუმცა რაც "ბიზნეს კურსს" გამოარჩევს მისი ხელმისაწვდომობაა. ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ახლა უკვე მისთვის სასურველ დროს და გარემოში შეუძლია მიიღოს განათლება ამ კუთხით. შესაბამისად, პროექტის მთავარი მიზანია, პლატფორმაზე განთავსებული ტრენინგების, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს ადამიანების სამომავლო პროფესიულ განვითარებას“, - განმარტავს ზურაბ მასურაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსურველები პლატფორმაზე სხვადასხვა სახელმძღვანელო კურსში ჩართვასაც შეძლებენ: როგორ გავყიდოთ Amazon-ზე, Etsy-სა და Ebay-ზე, რაც ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა „ბიზნეს კურსის“ ამოქმედების შესახებ ინფორმაცია ბანკმა წინა კვირას გააჟღერა, საქართველოს ბანკში აცხადებენ რომ უფასო კურსების გავლის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპისთვის, რაც „ბიზნეს კურსის“ პლატფორმის აუცილებლობაზე მეტყველებს.

დაინტერესებულ პირებს კი „ბიზნეს კურსის“ პლატფორმის მონახულება და სასურველ კურსზე დარეგისტრირება აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ: https://www.businesscourse.ge/courses/businesshub.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები