მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო პარკინგი, აუზი ბულვარში, უკანონო ობიექტების დემონტაჟი... |რა სიახლეებით ხვდება ტურისტებს აჭარა?

ბათუმი

უფასო საპარკინგე სივრცეები, ახალი ძელსკამები, ისტორიული აუზის აღდგენა ბულვარში, უკანონო ობიექტების დემონტაჟი - ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რაც ბათუმში 20 ივნისს ოფიციალურად გახსნილ საზაფხულო ტურისტულ სეზონს ახლავს.

„ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომლისთვისაც 0.5 მლნ დაიხარჯა.

BMG-მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რას მოიცავს განახლებული ინფრასტრუქტურა და სერვისები, რაზედაც ზურაბ პატარაძე საუბრობდა.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ რეგიონში დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგზაო, ისე ტურისტული, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების არაერთი პროექტი, რაც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას.

საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 52.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 საავტომობილო გზას, მოეწყო 22 კილომეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი და აშენდა/რეაბილიტირდა 10 ხიდი.

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 57.3 მილიონი ლარი გამოიყო. რეაბილიტაცია დასრულდა მამია ვარშანიძის, ხახულის, ივანე მესხისა და მაჭახელას ქუჩებზე, ასევე შოთა რუსთაველის ქუჩის ორ მონაკვეთზე.

დასრულდა 11 ლოკაციაზე ქვაფენილების მოწყობა, სამუშაოები კი დამატებით 7 ქუჩაზე გრძელდება. ქალაქს ასევე შეემატა გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზა.

მწვანე სივრცეები და რეკრეაცია

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქალაქში მოეწყო და განახლდა 8 სკვერი, რისთვისაც 1.89 მილიონი ლარი დაიხარჯა. ცენტრალურ პარკში დამატებით განთავსდა 100 ახალი ძელსკამი.

“ბათუმის ბულვარი-საზაფხულო სეზონისთვის ბულვარში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება. რეაბილიტაციის ფარგლებში ეწყობა ახალი ფილები, სანიაღვრე სისტემა, საბავშვო და სპორტული სივრცეები. განხორციელდა დაახლოებით, 100 უნებართვო და დაზიანებული ობიექტის დემონტაჟი, მოწესრიგდა დასასვენებელი ზონები და შენარჩუნებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული უფასო პლაჟის ინფრასტრუქტურა”, - მოგვწერეს აჭარის მთავრობიდან.

მისივე ინფორმაციით, სანაპიროზე ეწყობა 15 ახალი, თანამედროვე გასახდელი და ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკები. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში აღდგება ისტორიული აუზი და მოეწყობა ახალი შადრევანი, პარალელურად მიმდინარეობს პირსის კეთილმოწყობა და ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა.

უფასო საპარკინგე სივრცე ვიზიტორებისთვის

ასევე, 20 ივნისიდან, ტურისტული სეზონის განმავლობაში ბათუმის სტადიონ „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე 1 200-ადგილიანი საპარკინგე სივრცე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი როგორც ბათუმელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

სპორტული ინფრასტრუქტურა

აჭარის მთავრობის ცნობითვე, ბათუმში დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აერთიანებს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზებსა და ყინულის არენას. კომპლექსი გათვლილია როგორც პროფესიული სპორტის განვითარებაზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობაზე.

ტურისტული ინფრასტრუქტურა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში სრულ მზადყოფნაშია 26 მარკირებული ტურისტული ბილიკი, მათ შორის ხიხანის განახლებული მარშრუტი, ჯვარიმინდორის თავშესაფრები, ქობულეთის ტორფნარისა და მირვეთის ბილიკები. ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები, ხოლო 2025–2026 წლებში რეგიონს, დაახლოებით, 50 ახალი განთავსებისა და კვების ობიექტი შეემატა.

ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

ქედა – მოწესრიგდა კულტურული ძეგლების, ჩანჩქერებისა და ტურისტული ობიექტების მისასვლელი გზები და ბილიკები;

შუახევი – ივლისის დასაწყისში გაიხსნება ჩირუხის მთის ზიპლაინი.

კურორტი გომარდული და კერძო ტურისტული სექტორი სრულ მზადყოფნაშია, მოწესრიგებულია იალაღების გზები და ელექტრომომარაგება. ქობულეთის ფიჭვნარში დასრულდა ბულვარის პირველი ეტაპი, სადაც 600-მეტრიანი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პროექტზე 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ხელვაჩაურში მოეწყო ახალი ტურისტული და რეკრეაციული სივრცეები სარფში, მირვეთში და მაჭახლისპირში, განახლდა გზები, განათება, სკვერები და სანაპიროს ინფრასტრუქტურა, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსი.

ხულოში მიმდინარეობს თანამედროვე სპორტული სკოლისა და სტადიონის რეაბილიტაცია (13.4 მლნ ლარი), მოეწყო ცენტრალური მრავალფუნქციური სკვერი, განვითარდა სოფელ ქედლების ტურისტული სივრცე, მიმდინარეობს საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ღორჯომში და სხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტები. აქტიურად გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის რეაბილიტაცია და ხულო–ზარზმის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით საათ-ნახევრით შემცირდება.

კურორტ გოდერძიზე მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც კურორტის განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.













გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები