მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო სწრაფი ტესტი წესით 231 კლინიკაში კეთდება, მაგრამ რეალურად რამდენი ატარებს, უცნობია

5fcf13c3c5e4a
ინგა მურუსიძე
08.12.20 12:09
5497
covid-19-ზე ინტენსიური ტესტირების 2 თვიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა დღიურად 20 000 ტესტის ჩატარებას გეგმავს, რათა ინფიცირებული მოქალაქეები მაქსიმალურად გამოავლინონ, ამიტომაც აქტიურად მოუწოდებენ მოქალაქეებს, გაიკეთონ სწრაფი ტესტი, რომელიც უფასოა. NCDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულია ე.წ. სწრაფი-მარტივი ტესტირების მომსახურების მომწოდებელი კლინიკების სია, სადაც წესით, ტესტები უფასოდ კეთდება. სია განახლებადია და ამ დროისთვის, სულ 231 კლინიკაათუმცა bm.ge-იმ მარტივი ექსპერიმენტის ფარგლებში, 7 დეკემბერს 10-ზე მეტ კლინიკაში დარეკვისას აღმოაჩინა, რომ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული დაწესებულებების უმრავლესობა უფასო სწრაფ ტესტებს არ აკეთებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ამდენად, დავინტერესდით, იმ ფონზე, როდესაც ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს სწრაფი ტესტების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რამდენად ამოწმებს თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმას, კლინიკებში რეალურად არის თუ არა ხელმისაწვდომი უფასო ტესტები და ასევე, იყო თუ არა 223-ე კლინიკასთან შეთანხმებული ინტენსიური ტესტირების პროგრამაში მათი ჩართვა, რაზეც NCDC-ისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:

ანტიგენის სწრაფი ტესტით გაფართოებული ამბულატორიული ტესტირებების დაანონსებამდე, ცენტრის მიერ შედგა კომუნიკაცია ანტიგენის სწრაფი ტესტირების სერვისის მიმწოდებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ ყველა დაწესებულებასთან და გამოქვეყნდა მხოლოდ იმ დაწესებულებების სია, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა ამბულატორიულად მიეღოთ და გაეტესტათ ოჯახის ექიმის მიერ რეფერირებული ან თვითდინებით მისული კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები“.

ამ პასუხიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ 223 კლინიკაში შედიან ისინი, ვინც პროგრამაში ჩართვის „მზაობა გამოთქვა“, თუმცა NCDC-ში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია 223 კლინიკიდან რეალურად რამდენ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ მოქალაქეებს ანტიგენის სწრაფი უფასო ტესტების ჩატარება. "მზაობა ვინც გამოთქვა ე.ი. ის აკეთებს ტესტებს", - უთხრეს bm.ge-ის NCDC-ში. მისივე ინფორმაციით, კლინიკების სია განახლებადია და ამ დროის მდგომარეობით, მათი რაოდენობა უკვე 231-ია. 


რაც შეეხება იმას, როგორ მარაგდებიან კლინიკები ანტიგენის უფასო სწრფი ტესტებით, NCDC-ში განგვიმარტეს, რომ „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული უმაღლესი ხარისხის ანტიგენის სწრაფი ტესტებით და საკვლევი მასალის ასაღები დამხმარე მასალებით“.

მისივე ინფორმაციით, ტესტირების მომსახურების ხარჯები სრულად იფარება სახელმწიფოს მიერ.

რაც შეეხება თითოეული კლინიკისთვის მიწოდებული ტესტირების ხარისხს და რაოდენობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დღის მანძილზე ერთი სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი ტესტირებების რაოდენობა შეზღუდულია 50 ერთეულით, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ ტესტირებების ჩატარების მოცულობა დამოკიდებულია მის მიერ ტესტირებაში ჩართული პერსონალის რაოდენობაზე თითო მტესტავზე 50 ერთეულის ოდენობით.

ამასთან, NCDC-ში BM.GE-ს განუმარტეს, რომ უახლოეს მომავალში ტესტირების სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება უფრო მეტ ლოკაციაზე, განსაკუთრებით კი, დიდ ქალაქებში.

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სამედიცინო დაწესეულებებს, რომლებსაც ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის ტესტირებაში გადამზადებული მედპერსონალი და გამოთქვამენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირებაში მონაწილე დაწესებულებების ნუსხის გაფართოებაზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ტესტირების სერვისები მივაწოდოთ მაქსიმალურად ბევრ წერტილზე, ხარისხის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებით“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები