შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების დასრულებამდე, აშშ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დააწესებს - ამის შესახებ მილერმა Globalnews.ge-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
სახდეპის სპიკერი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას დასავლურ კურსზე დაბრუნების ალტერნატივას სთავაზობდა, რის გამოც სანქციების თავდაპირველი პაკეტი არ იყო მკაცრი, თუმცა, ვინაიდან "ქართული ოცნება" დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდა, მილერის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვებიც ამოქმედდება, თუმცა უცნობია - რა სახის.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობისთვის კურსის ხელახალი ცვლილების საშუალება მიგვეცა. მათ ყოველთვის ნათლად ვეუბნებოდით, რომ არსებობდა მათთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული გზა. გზა, რომელსაც, ჩვენი რწმენით, მათი ხალხი ითხოვს და უჭერს მხარს. თუმცა რამდენჯერაც ისინი ამ არჩევანის წინაშე დადგნენ, ამ გზას არ გაჰყვნენ. ასე რომ, თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის კიდევ უფრო გამკაცრებას, მათ შორის, დამატებითი სანქციების ჩათვლით. წინასწარ არ განვიხილავ, ზუსტად რა სახის იქნება ეს სანქციები, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების დასრულებამდე დავაწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
კითხვაზე, რატომ სჭირდება სანქციების დაწესებას ამდენი დრო, მილერი აღნიშნავს, რომ სანქციები აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი არ არის იმისთვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
"ხშირად ფიქრობენ, რომ სანქციები ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ინსტრუმენტია. სანქციები, რეალურად, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცენ ის ქვეყნები, რომელთა გადაწყვეტილებებსაც არა მხოლოდ არ ვეთანხმებით, არამედ გვჯერა, რომ ისინი ჩვენს ძირეულ ღირებულებებს, ადამიანთა უფლებების დაცვას, დემოკრატიული გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
მკაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ვხედავთ და ჩვენი პასუხიც საკმაოდ მკაფიო იყო. სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ძირეული გადახედვა, რის შემდეგაც შევაჩერეთ $95-მილიონიანი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან სერიოზულად გვაშფოთებს მათი ქმედებები. დავუწესეთ სანქციები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევისა და ძალადობის გამო. დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირს და შევაჩერეთ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობაც. შესაბამისად, ისე არ არის, თითქოს არაფერს ვაკეთებდეთ", - განაცხადა მეთიუ მილერმა.