2026 წლის იანვარ-ივნისში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი, ანუ სხვაობა დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, კვლავ უარყოფითია. ამ პერიოდში 4,715 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს.
რეგიონულ ჭრილში სურათი არაერთგვაროვანია. მიუხედავად საერთო კლებისა, დადებითი ბუნებრივი მატება მხოლოდ ორ რეგიონში დაფიქსირდა - თბილისში (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330). ეს ორი რეგიონი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს ქვეყნის საერთო სურათში, რაც შესაძლოა აიხსნას როგორც შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის სტრუქტურით, ისე შიდა მიგრაციული პროცესებით - კერძოდ, ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის კონცენტრაციით დედაქალაქსა და აჭარაში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით მაღალია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი ერთჯერადი ან შემთხვევითი არ არის. საქართველოში უკვე მეშვიდე წელია ბუნებრივი კლება ფიქსირდება - ანუ ქვეყანაში მუდმივად მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2025 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს ჯამურად 38,852-ით გადააჭარბა - აღნიშნული ნათლად აჩვენებს პრობლემის სისტემურ ხასიათს.
როგორ განვითარდა ტენდენცია წლების მიხედვით
საქსტატის მონაცემებით, 2015-2019 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა - ეს პროცესი ძირითადად შობადობის კლებით იყო განპირობებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი შედარებით სტაბილური რჩებოდა.
გარდამტეხი წელი 2020 გახდა, როდესაც პირველად დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2021 წელს, როცა მაჩვენებელმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამ ორ წელს ერთდროულად მოქმედებდა ორი ნეგატიური ფაქტორი - დაბალი შობადობა და მკვეთრად გაზრდილი სიკვდილიანობა, რაც პირველ რიგში COVID-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული.
2022-2023 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი პანდემიის დაცხრომასთან ერთად შედარებით შემცირდა, თუმცა ბუნებრივი კლების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა. ამჯერად პრობლემის მთავარი წყარო უკვე დაბალი შობადობა გახდა, რაც მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს არა დროებით, არამედ სტრუქტურულ ცვლილებასთან.
2024-2025 წლებში ორივე მაჩვენებელი ერთდროულად გაუარესდა: შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ ზრდას დაუბრუნდა - ამ კომბინაციამ ბუნებრივი კლების კიდევ უფრო მკვეთრი ტალღა წარმოშვა.
საბოლოოდ, დემოგრაფიული ვითარება არათუ არ გამოსწორებულა, არამედ კიდევ უფრო დამძიმდა - 2025 წლის მონაცემებით, უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა გადააჭარბა არა მხოლოდ 2023 და 2024, არამედ თავად 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც.
2026 წლის იანვარ-ივნისში დაბადებულთა რიცხვმა 17,509 ბავშვი შეადგინა, რაც 210-ით ნაკლებია 2025 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 22,224-მდე შემცირდა, რაც 494-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მართალია, 2026 წლის 6 თვეში ბუნებრივი კლების აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოდნავ შემცირდა, თუმცა ეს გაუმჯობესება მხოლოდ სიკვდილიანობის კლებას უკავშირდება. თავად ტენდენცია კი — რომელიც შობადობის მუდმივ კლებაზე მიუთითებს - უცვლელი და შემაშფოთებელი რჩება.
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატება 2014-2026 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შობადობის კლება: ღრმა და გრძელვადიანი ტენდენცია
ბუნებრივი კლების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი შობადობის მუდმივი შემცირებაა. ბოლო ათწლეულში შობადობა სტაბილურად მცირდება და ქვეყნის დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დაბალი შობადობა იწვევს მოსახლეობის რაოდენობის კლებას, მოსახლეობის დაბერებას, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში - ეკონომიკური ზრდის შენელებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2025 წლებში შობადობის კოეფიციენტი (1,000 მოსახლეზე) 15.9-დან 9.6-მდე შემცირდა. ამ პერიოდში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობა 21,382 ბავშვით, დაახლოებით 36%-ით შემცირდა. შობადობის კლების დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა.
UNFPA-ს 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შობადობის კლებას ძირითადად რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალების რაოდენობის კლება განაპირობებს, რომელიც ორი მთავარი მიზეზით აიხსნება:
პირველი - 90-იანი წლების შობადობის კლების გამოძახილი. 90-იან წლებში დაფიქსირებულმა შობადობის კლებამ დღეს იმ თაობის მოცულობა შეამცირა, რომელიც ამჟამად რეპროდუქციულ ასაკშია - ანუ დღევანდელი დაბალი შობადობა ნაწილობრივ წარსული დაბალი შობადობის პირდაპირი, სტრუქტურული შედეგია.
მეორე - რეპროდუქციული ასაკის ქალთა შემცირება პირდაპირ კავშირშია ემიგრაციასთან. მიგრაციული ბალანსი რეპროდუქციული ასაკის (15-49 წლის) ქალებში უარყოფითია - ანუ ქვეყნიდან მეტი რეპროდუქციული ასაკის ქალი მიემგზავრება, ვიდრე შემოდის, რაც პირდაპირ ამცირებს პოტენციურ დედათა რაოდენობას ქვეყანაში.
რეპროდუქციული ასაკობრივი ჯგუფის ქალთა რაოდენობა 1995-2023 წლებში 32.5%-ით შემცირდა.
ამ ორ ფაქტორს ემატება რიგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ასევე მოქმედებენ შობადობის შემცირებაზე:
- პირველი შვილის გაჩენის გადავადება;
- ქორწინების საშუალო ასაკის ზრდა;
- განქორწინებების რაოდენობის მატება.
გარდა ამისა, UNFPA-ს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში მომავლის მიმართ უნდობლობის განცდა გააღრმავა, რაც საბოლოო ჯამში ასევე პირველი შვილის გაჩენის გადავადებას უწყობს ხელს.
UNFPA-ს მონაცემებით, ჯამური შობადობის კოეფიციენტი (TFR) 1.7 ბავშვს შეადგენს ერთ ქალზე, რაც 2018 წლის 2.1-თან შედარებით 19%-იანი კლებაა. ეს მაჩვენებელი უბრუნდება 1999 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაში (RHS1999) დაფიქსირებულ დონეს და უკვე მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო ზღვარს ქვემოთაა.
მიუხედავად უარყოფითი დინამიკისა, საქართველოს TFR კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად რჩება ევროპის რეგიონში და აღემატება:
დასავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელს (1.49);
აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელს (1.39);
მთლიანად რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (1.39).
ამრიგად, საქართველოს დემოგრაფიული სურათი უკვე მეშვიდე წელია ერთი და იმავე ტენდენციას აჩვენებს - უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ეს პროცესი არც შემთხვევითია და არც დროებითი. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სიკვდილიანობის შემცირებამ ბუნებრივი კლების მასშტაბი ოდნავ შეამსუბუქა, თავად პრობლემის ბირთვი - შობადობის მუდმივი კლება - უცვლელი რჩება. როგორც UNFPA-ს კვლევა აჩვენებს, ეს ტენდენცია სტრუქტურული ხასიათისაა - განპირობებულია რეპროდუქციული ასაკის ქალთა რაოდენობის შემცირებით, რაც თავის მხრივ 90-იანების შობადობის კლებისა და მაღალი ემიგრაციის ორმაგ შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, სანამ ქვეყანა ვერ შეძლებს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შენარჩუნებას და ოჯახის დაგეგმვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, ბუნებრივი კლების ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შობადობის საერთო მაჩვენებელი ჯერ კიდევ ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
























