UG ბაღის ანგარიშებს ინკასო ადევს. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში აღნიშნული კერძო ბაღის დირექტორმა ელა მაზმანოვამ განაცხადა.
„თითქმის 1 წელია დახურულები ვართ, თანამშრომლების შენარჩუნება მხოლოდ 2 თვე შევძელით, ისიც საკუთარი ფინანსური რისკების საფუძველზე. სახელმწიფო გვავალდებულებს, გადავიხადოთ ქონების გადასახადი ისეთ ქონებაზე, რომლის მიზნობრივად გამოყენების უფლებას არ გვაძლევს. პირადად ჩვენს ანგარიშებს ინკასო ადევს“, - აღნიშნავს ელა მაზმანოვა.
მისივე განმარტებით, ქონების გადასახადის შეჩერების მოთხოვნით, მათ არაერთი წერილი დაწერეს, ჰქონდათ შეხვედრებიც, მაგრამ სახელმწიფოსგან უარი მიიღეს.
„ახლა რომც გავიხსნათ, ნულიდან მოგვიწევს დაწყება“, - დასძენს UG ბაღის დირექტორი.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა 1 მარტიდანაა გათვალისწინებული, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.