“სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ - ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა,”- TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის გადადგომასთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე წერს პარტია ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
გიგი უგულავას განცხადებით, ხაზარაძისა და ბანკის რეპუტაციის შელახვით “ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რაც უნდოდა," რის შედეგადაც საქართველოს იმიჯი დაზარალდა.
“ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.
შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა.
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია,”- წერს უგულავა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ცნობილი გახდა, რომ TBC ბანკი სებ-თან სამართლებრივ დავას წყვეტს.

























