ეროსი რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის და ხოსე კარერასის ჯამურმა ჰონორარებმა საქართველოში ჩატარებული კონცერტებისთვის 11,174,249 ლარი შეადგინა. "ბიზნესკონტრაქტმა“ აღნიშნული ინფორმაცია „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდიდან“ გამოითხოვა, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს.
ფონდის ინფორმაციით, ეროსი რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის კონცერტებზე სულ 73 420 ბილეთი გაიყიდა და მათი გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 075 220 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვიდან ყველაზე მეტი შემოსავალი MAROON 5-ის კონცერტიდან შემოვიდა.
რაც შეეხება ხოსე კარერასის კონცერტს, როგორც ცნობილია, ის უფასო იყო.
ამასთან, კულტურის სამინისტროს მიერ „ბიზნესკონტრაქტისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს მხარდაჭერა 31-მა ბიზნესსუბიექტმა და ფონდმა „ქართუმ“ გამოუცხადა, მაგრამ სასპონსორო თანხების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.
საინტერესოა ისიც, რომ ფონდის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა შემდეგი მიმართულებებით გადანაწილდა: ფონდსა და შპს „ონლაინ თიქეთ“-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, „ონლაინ თიქეთ“-მა მიიღო მომსახურების საკომისიო 243 522,4 ლარის ოდენობით; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტების გამოყენებისთვის გადასახადელი ჰონორარის თანხა; დამატებიითი ღირებულების გადასახადი; გაუთვალისწინებელი ხარჯი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად; პროექტ check-in Georgia-ს ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება;
ცნობისთვის, Check in Georgia-ს ჯამური ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, პროექტის მიზანი ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვაა.

























