უიშვიათესი მეგრული ვაზის ჯიშები ,,ჭვიტილური“ და ,,კოლოში“ აღადგინეს, ამის შესახებ Bm.ge-ს საოჯახო მარნის ,,ობენეს“ დამფუძნებელმა, მიშა ცირდავამ განუცხადა. მისი თქმით, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მეგრული ჯიშის აღდგენა იგეგმება, ესენია: კაჭიჭი, ჩეჭიფეში, ჩექობალიო და მახვატინა.
აღნიშნული ჯიშების მოძიების მიზნით ცირდავამ სამეგრელო ფეხდაფეხ შემოიარა და ორი წლის განმავლობაში ორი ჯიშის ვაზის ,,ჭვიტილურის“ და ,,კოლოშის“ აღდგენა მოახერხა. ამჟამად ეს ჯიშები საკუთარი მარნის ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარზე აქვს გაშენებული. პარალელურად, მოძიებული ყურძნისგან მცირე რაოდენობით ღვინოც დაამზადა, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ძალიან ბევრ ლიტერატურას ვკითხულობდი უძველესი ვაზის ჯიშების შესახებ. როდესაც ქართველი მეცნიერები მეგრულ მეღვინეობა-მევენახეობაზე წერდნენ, განსაკუთრებით გამოყოფდნენ ორ ჯიშს, ჭვიტილურს და კოლოშს, რომელიც მთელს სამეგრელოში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებულად კარგი ხარისხის მუხურში, ჯგალში, სალხინოში, წალენჯიხაში მოდიოდა. ჭვიტილური თეთრი ჯიშის ყურძენია, კოლოში კი წითელი. ორივე ყურძნისგან უმაღლესი ხარისხის მშრალი ღვინო იწარმოება.
მე-19 საუკუნის ბოლოს ვაზის ეს ჯიშები ფილოქსერას გამო გადაშენდა, საბჭოთა კავშირის დროს კი, რადგან აქცენტი მაღალმოსავლიანობაზე იყო და არა ყურძნის ხარისხზე, ეს ჯიშები საბოლოოდ განადგურდა და მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით ნაკვეთებში იყო შემორჩენილი“ - განაცხადა ცირდავამ.
მას შემდეგ რაც მოძიებული ვაზის ჯიშების იდენტობა მეცნიერულად დადასტურდა, მიშა ცირდავამ ამ ყურძნით ორი სახის ღვინო დაამზადა, ქარვისფერი მშრალი "ჭვიტილური“ და წითელი მშრალი ,,კოლოში“. ღვინოები ,,ობენეს“ ბრენდის ქვეშ გააერთიანა, რაც მეგრული სიტყვაა და მარანს ნიშნავს. მეგრულია ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც, რომლითაც მან აღნიშნული პროდუქტი დაამზადა.
"ღვინის წარმოება შარშან დავიწყეთ. ღვინო მეგრული მეთოდოლოგიით დავაყენეთ, რაც კახური და იმერული მეთოდისგან განსხვავდება. ყურძენი საწნახელში იწურება, შემდეგ ღვინის დადუღება ქვევრში სრულ ჭაჭაზე 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი წვენს და ჭაჭას ერთმანეთისგან განაცალკევებენ და სითხე სხვა ქვევრში გადააქვთ.
"ჭვიტილურით“ ქარვისფერი ღვინო მივიღეთ, რომელიც ცალკე კატეგორიაა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თხოვნით, მსოფლიოს ღვინის საერთაშორისო სააგენტომ ღვინის სახეობების ჩამონათვალში ცოტა ხნის წინ შეიტანა.
"კოლოშისგან“ კი წითელი ღვინო დავაყენეთ. ეს ყურძენი იმ გლეხებისგან მოვაგროვე, სადაც ეს ჯიშები მოვიძიე. რადგან ყურძენი მცირე რაოდენობით გვქონდა, მხოლოდ 50 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მაგრამ სამომავლოდ გაცილებით მეტი რაოდენობა გვექნება. ეს პრემიუმკლასის ღვინოა, რომელიც ძალიან ძვირი ეღირება, ბოთლის გასაყიდი ფასი მინიმუმ 100 დოლარი იქნება“ - აცხადებს მიშა ცირდავა.
მისი თქმით, ღვინოები უკვე შეისწავლეს უცხოელმა ღვინის ექსპერტებმა და მკვლევარებმა და მათმა შეფასებებმა მოლოდინს გადააჭარბა.
"საქართველოს ფრანგი ღვინის მკვლევარები ეწვიენ, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით გადაშენებული ვაზის ჯიშების მოძიებით არიან დაკავებული. ისინი ჩამოვიდნენ მუხურში და ჩემი ღვინოები დააგემოვნეს. მათ 70 ქვეყანა მოიარეს, საიდანაც 5 ქვეყანა შეარჩიეს, მათ შორის საქართველოც მოხვდა, საქართველოდან კი ეს ორი ღვინო შეირჩა, რომელიც ესპანეთში ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგინეს. იქ ,,ჭვიტილურმა“ და ,,კოლოშმა“ უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ჩვენი ღვინო ცნობილმა ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა ლიზა გრანიკმაც მოიწონა და მის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც დაწერა. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ,,ჭვიტილურს“ და ,,კოლოშს“ ევროპაში და ამერიკაში გავყიდით, სადაც ამ ღვინოს უკვე ელოდებიან“ - განაცხადა მიშა ცირდავამ.