მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უიტკოფმა რუსეთს ურჩია, როგორ მიეწოდებინა ტრამპისთვის გეგმა უკრაინაზე - Bloomberg-ი სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს

პუტინი უიტკოფი

გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც წერია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთს ურჩია, როგორ მიეწოდებინა ტრამპისთვის გეგმა უკრაინის შესახებ. გამოცემის ცნობით, გასულ თვეს უიტკოფი კრემლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ტელეფონით დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ უკრაინისთვის გეგმაზე ერთად ემუშავათ. გამოცემა შესაბამისი საუბრის ტექსტს აქვეყნებს.

კერძოდ, 14 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში უიტკოფმა პუტინის წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვს ურჩია, თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი ტრამპთან. მისი მითითებები მოიცავდა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დაგეგმვასა და ღაზას შეთანხმების მაგალითად გამოყენების შესახებ. კერძოდ, Bloomberg-ის ცნობით, როგორც სატელეფონო საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა, უიტკოფმა უშაკოვს უთხრა, რომ პუტინს ტრამპისთვის უნდა დაერეკა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე და ღაზის სექტორის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაც მიელოცა.

Bloomberg-ი არ ასახელებს წყაროს, რომლისგანაც ეს ჩანაწერები მიიღო.

ასევე, გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მან კიდევ ერთი ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც 29 ოქტომბერს გამართულ საუბარს ასახავს იური უშაკოვსა და ამერიკელებთან მოლაპარაკებებში ჩართული კირილ დმიტრიევს შორის, რომლებიც განიხილავენ „სამშვიდობო გეგმის“ რუსული პროექტის ამერიკელებისთვის გადაცემის სქემას, რათა მათ ეს იდეები თავის ინიციატივად წარმოედგინათ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმაზე" გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, მედია წერდა, რომ მასში დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის, უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი, ასევე, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ტერიტორიებად აღიარება და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეკონი წერს, რომ ცხადია, რომ უიტკოფი რუსებს უჭერს მხარს და მისი ნდობა რუსეთ-უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში არ შეიძლება.

"მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის, გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს. მას არ შეიძლება ანდო ამ მოლაპარაკებების წარმართვა. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ", - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები