მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკან ვიტოვებთ დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნის გამოწვევებს და ვიღებთ მაღალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნისას"

577663045251e
BM.GE
01.07.16 16:29
1279
საქართველოში, ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს სამუშაო სადილზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
 
"გასული წლების მანძილზე მიღწეული ყველა წარმატების მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ჩვენ არ მივცემივართ თვითკმაყოფილებას და მიგვაჩნია, რომ წინ კიდევ დიდი გზა გველის - მუდმივი ცვლილებების, აღმასვლისა და ვარდნის, რეფორმების, წარმატებებისა და მარცხის გზა. ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ოკუპაცია, თუმცა ვამაყობთ იმიტომ, რომ ვართ დამოუკიდებლები, შეგვიძლია საკუთარი ბედის განსაზღვრა და სტაბილურად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური სულისკვეთების რეალიზების მიზნით. ჩვენ უკან ვიტოვებთ დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნის გამოწვევებს და მათ ნაცვლად ვიღებთ მაღალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნისას. ჩვენ უკან ვიტოვებთ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს ვიწყებთ.

გასული სამი წლის მანძილზე, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან განაგრძობს განვითარებას და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას - ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სავაჭრო შეთანხმებების ქსელი მეზობელ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან. ჩვენ განახლებული აბრეშუმის გზის ერთგვარი ცენტრიც კი გავხდით - უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გასულ ათასწლეულშიც სწორედ ამ ფუნქციას ვასრულებდით. გასულ კვირას EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ჩინეთთან ამავე საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის დასრულდება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეროვნულ დონეზე გატარებული ამბიციური ინსტიტუციური რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო პროცედურებს, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მდგომარეობა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პრემიერის შეფასებით, საქართველო სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან.

„საერთაშორისო შეფასებების კუთხით, ჩვენი სტაბილური განვითარება მართლაც ღირსშესანიშნავია. ალბათ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით. ეს ასევე ეხება ეკონომიკური განვითარების ასპექტსაც, არსებული ეკონომიკური ტურბულენტობისა და არასტაბილურობის პირობებში საქართველო ზრდის, თანა-განვითარებისა და სოციალური მდგრადობის გზაზეა. საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ინვესტორები, საქართველოს სახით, ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და განვითარებად სახელმწიფოს. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 100%-ზე მეტით გაიზარდა - შემდეგი კვარტლის წინასწარი მონაცემებიც, ანალოგიურად, ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება. კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და რუსეთშიც კი ბიზნესის წარმოების კუთხით ცხელი წერტილი ვართ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენთან ბიზნესის წარმოება ერთ-ერთი უმარტივესია. საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, მე-9 ადგილზე ვართ. ყველა მოწინავე სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"„საერთო ჯამში, საქართველო იზრდება, ხდება უფრო მრავალფეროვანი, მისი ეკონომიკა ვითარდება; ხდება უფრო გამჭვირვალე, ამცირებს ბიუროკრატიის ხარისხსა და გადასახადებს; აკონტროლებს დეფიციტის დონეს და იღებს ყველა ზომას, რომ მისი სარეიტინგო მონაცემები ყოველწლიურად გაუმჯობესდეს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველო სწორ გზაზეა. შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ვიმედოვნებ, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მყარად დგას ძლიერი დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზაზე. არჩევნები ამ დრომდე მიღწეული წარმატების გამოცდაც იქნება. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც ნების გამოხატვის პირველი თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები