სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ავტომობილში საბავშვო სავარძლების გამოყენების სავალდებულო წესის შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მომზადება საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, საწყის ეტაპზე სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება. ცვლილების მიზანი საგზაო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ბავშვების - უსაფრთხოების გაზრდაა.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საგზაო მოძრაობის მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ქვეითებთან და მოტოციკლის, მოპედისა და ელექტროსკუტერის მომხმარებლებთან ერთად, ბავშვებიც მიეკუთვნებიან. შესაბამისად, მათი უსაფრთხოების გაუმჯობესება 2026-2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებად არის განსაზღვრული.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ბავშვების უსაფრთხოებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ იგეგმება. სტრატეგია ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირებას სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რათა ბავშვებში უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. ასევე, შეიქმნება საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მშობლებსა და ბავშვებზე იქნება ადაპტირებული.
გარდა ამისა, სახელმწიფოს გეგმაშია ბავშვების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გაძლიერება. სტრატეგიის მიხედვით, არსებული და მომავალში განსახორციელებელი საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს ადაპტირებული მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, საჭიროებებზე.
უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდება
საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ავტომობილში, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრებას და შესაბამისი რეგულირების გამკაცრებას.
დოკუმენტის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მიიჩნევა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკანა სავარძელზე მყოფ მგზავრებს, რადგან მათი ღვედით სარგებლობა მნიშვნელოვანია როგორც თავად მგზავრების, ისე ავტომობილის წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით იგეგმება შესაბამისი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა. პარალელურად, სახელმწიფოს გეგმაშია მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება, რათა უსაფრთხოების ღვედის გამოყენების კულტურა გაიზარდოს და მიღწეული შედეგი მდგრადი გახდეს.
უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენების საკითხი ახალი სტრატეგიის იმ ფართო მიმართულების ნაწილია, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესებას და საგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების შემცირებას ისახავს მიზნად.
საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. დოკუმენტთან ერთად შემუშავებულია 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაც.
სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება 98.9 მლნ ლარს შეადგენს.




























