„უკანონოდ არასდროს არაფერი აგვიშენებია, ყოველ შემთხვევაში, შეუთანხმებლად“, - ასე გამოეხმაურნენ BMG-სთან გალიფ ოზთურქის კომპანიაში თურქი ბიზნესმენის დაკავების ფაქტს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის განცხადებას.
კერძოდ, უწყების მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე ეხება ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებას, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტს. ამასთან, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
გალიფ ოზთურქის კომპანია "მეტრო ჰოლდინგში“ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულ ბრალდებებს არ იზიარებენ. როგორც bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა რაულ კახაძემ უთხრა, ოფიციალურ განცხადებას კომპანია საქმის მასალების ჩაბარების შემდეგ გაავრცელებს.
„ჯერ მასალები არ ჩაგვბარებია - რა მუხლით დააკავეს, რასთან გვაქვს საქმე, რა ბრალს წაუყენებენ ან არ წაუყენებენ, ჯერ არაფერი ვიცით, მოკვლევის პროცესში ვართ. დაზუსტდეს რაღაცეები და მერე გავაკეთებთ განცხადებას.
ცხადია, გავრცელებული განცხადების შინაარსს არ ვიზიარებთ. დღეს საღამოს ან ხვალ დილით იქნება პროცესი, დაველოდოთ.
გაკვირვებულები ვართ, გაოცებულები ვართ, ჩვენ არაფერი დაგვინგრევია, ვაშენებდით აქამდე, ავაშენებთ კიდევ. უკანონოდ არასდროს არაფერი აგვიშენებია, ყოველ შემთხვევაში, შეუთანხმებლად. მალე ყველაფერი გაირკვევა. ვაჯერებთ პოზიციებს და გაგიზიარებთ“, - განაცხადა კახაძემ.
ცნობისთვის: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.
მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო მერიის მარეგულირებელ ფუნქციებზე, რომელსაც უწყება არაჯეროვნად ასრულებს, მათ შორის უკანონო მშენებლობების პრევენციაზე. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ფართომასშტაბიანი უკანონო მშენებლობა ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის “მეტრო ტერმინალს” უკავშირდება, რომელიც გოგოლის ქუჩაზე 50,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე 7 კორპუსს აშენებს.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამაც: "მეტრო ტერმინალი" 49-ჯერ დავაჯარიმეთ, თუმცა უკანონო მშენებლობა არ ჩერდება.
ბათუმის მთავრობის განცხადებას უპასუხა "მეტრო ჰოლდინგმაც". განცხადების მიხედვით, კომპანიას ამ დრომდე ნებართვის მიღებაში სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულმა ბარიერმა შეუშალა ხელი.