მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები დიდი პრობლემაა, დარღვევების დიდი წილი ფიზიკურ პირებზე მოდის“ - თბილსერვის ჯგუფი

ფაჩულია

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის დავით ფაჩულიას თქმით, დედაქალაქში უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი დიდი გამოწვევაა. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, კანონს უმეტესად ფიზიკური პირები არღვევენ.

მისი თქმით, მომხმარებლები ხშირად სამშენებლო ნარჩენს და ძველ ავეჯს როგორც სანაგვე ურნებთან, ისე ხევებსა და რეკრეაციულ სივრცეებში ათავსებენ, რაც საბოლოო ჯამში დიდ მოცულობებს და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს აჩენს.

ფაჩულია ფიქრობს, რომ მონიტორინგის გაზრდასთან და დაჯარიმებებთან ერთად, გამოსავალი მომხმარებლის ცნობიერების ზრდაშია.

„დედაქალაქში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს უკანონოდ განთავსებულ ნარჩენებთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკური პირებსაც, რომლებიც რემონტის შემდეგ ნარჩენებს და ძველ ავეჯს ათავსებენ, როგორც ჩვენს კონტეინერებში, მათ მიმდებარედ, ასევე ხეობებსა და რეკრეაციულ სივრცეებში. ხუდადოვის ტყეს ძალიან ხშირად ვასუფთავებთ და მაინც ძალიან ხშირია ნარჩენი. ბევრი ტერიტორიაა ქალაქში, სადაც უნდა ვსეირნობდეთ და გვხვდება კატასტროფული მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე მოცულობების, ისე დიდი მოცულობის მანქანებების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში განთავსებული ნარჩენი.

ჩვენი უშუალო მოვალეობა არ არის სამშენებლო ნარჩენის გატანა დედაქალაქიდან, ჩვენი მოვალეობაა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან ქალაქის გათავისუფლება. ამის მიუხედავად არაგეგმურად ამას ვახორციელებთ, თუმცა დიდი რაოდენობის გამო ვერ ვასწრებთ. ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, „თბილსერვის ჯგუფის“ დაქვემდებარებაშია და მიზერული თანხა ღირს - 9, 18, 30 ლარზეა საუბარი ტვირთამწეობის მიხედვით და განთავსება ხდება კანონიერად. მესმის ხოლმე პრეტენზია, რომ შორია ეს პოლოგონები და ამიტომ ვერ მიაქვთ იქ, მიკვირს, იმიტომ, რომ ხშირად ამ მოსასვლელ გზებთან 3 კმ-ის მოშორებით ყრიან ამ ნარჩენს. სანქცია 5000 და გამეორების შემთხვევაში 10 000 ლარია. ჩვენი ტერიტორია გარშემო კამერებით არის აღჭურვილი და ბევრ ინფორმაციას ვაწვდით მუნიციპალურ ინსპექციას იდენტიფიცრებულ მანქანებზე. ხუდადოვის ტყეში ფოტო ხაფანგებია დამონტაჟებული და ხდება ამის გაძარცვა, მოპარვა, ჩამკეტ სისტემებს ვაყენებთ და ამტვრევენ. ჯარიმები არის, თუმცა როგორც ჩანს არასაკმარისი. მარტო ჯარიმაც ვერ აგვარებს საქმეს, მოსახლეობამაც უნდა გავიგოთ, რომ დაბინძურების გარდა პრობლემას ვქმნით კატასტროფის დონეზე", - განაცხადა ფაჩულიამ.

მისი თქმით, სანქციების ნაწილში თბილისში უფრო მეტად ფიზიკური პირები არიან სამართალდამრღვევები.

"მინდა ესმოდეს მოქალაქეებს, რომ ნარჩენი წლიდან წლამდე ძალიან მომატებულია, დღიურად 2-3 მანქანა შეიძლება არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანისგან ეს იწვევს ჯამურად ბევრს.

რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ძალიან ბევრი კომპანიაა, რომლებიც შემოდიან ჩვენთან, აქვთ ხელშეკრულებები და ათავსებენ ნარჩენებს. პროსპექტების რეაბილიტაციები რომ მიდის, ყველა ნარჩენი ჩვენთან შემოდის, თუმცა მაინც მოხდა ისე, რომ სადღაც არაკანონიერად განათავსეს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მაყურებელს, რომ უკანონოდ ნუ განათავსებთ ნარჩენებს. მინიმუმ უნდა დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და 2 91 90 50 ტარიფებსაც აუხსნიან, დეტალებს ეტყვიან. არ არის ეს იმ ხარჯთან დაკავშირებული, რომ ასე ვიქცეოდეთ“, - განაცხადა ფაჩულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები