მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

6396cc6a4ef91
ინგა მურუსიძე
12.12.22 10:45
1262
ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები, სადაც აღმოჩენილი ან/და მოპოვებული მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის მართვის ორგანომ. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა კანონში არ არის დაზუსტებული თუ ვინ მოახდენს კონკრეტულად უკანონოდ მოპოვებული და აღმოჩენილი ტყის რესურსის რეალიზაციას, საჭირო იყო მისი დაზუსტება. ცვლილებების შემდეგ კი პირდაპირ გაიწერება, რომ მერქნული რესურსის განკარგვას უზრუნველყოფს ტყის მართვის ორგანო.

„კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს (ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოები) მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი/სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე. შედეგად, სახელმწიფო თავიდან აირიდებს იმ მატერიალურ ზიანს, რომელსაც ყოველწლიურად განიცდის აღნიშნული მერქნული რესურსების არარაციონალურად განკარგვის (ზოგ შემთხვევაში, საერთოდ დაკარგვის) გამო. იმ, შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა მერქნული რესურსის რეალიზაცია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ზიანი, შესაძლოა ,ათიათასობით ლარს ეხებოდეს (დამოკიდებულია მერქნული რესურსის ოდენობაზე). ასევე, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - მთავრობა.

საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები