რამდენიმე დღის წინ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებმა საცალო დაკრედიტების ინსტრუქციის ახალი დოკუმენტი მიიღეს ეროვნული ბანკისგან, რომლის შინაარსმა, როგოც ბესიკ შენგელია ამბობს, "ინდუსტრია შოკში ჩააგდო". მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინსტრუქცია ძალიან ხისტია, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ნორმებს და მისი რეალობაში განხორციელება ძალიან რთული იქნება, რაც პრობლემებს შეუქმნის მიკრო-საფინანსო სექტორს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი, იმ ახალი რეგულაციების გამო დატოვა, რომელიც საფინანსო სექტორში ხორციელდება.
„არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ის არ ეთანხმებოდა, რომელიმე ზომას ან ნაჯბიჯს რომელიც სებ-ში განხორციელდა. თავად შეგიძლიათ შეეკითხოთ. ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო და ის მუდამ იზიარებდა ამ მოსაზრებებს“, - ამბობს გვენეტაძე.
კითხვაზე უკავშირდება თუ არა კიკორიას მიერ თანამდებობის დატოვება, ახალ რეგულაციებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს:
„ამ კითხვაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა, შესაძლოა ასეც იყოს, არ გამოვრიცხავ.
ეროვნული ბანკი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მათ შორისაა მურთაზ კიკორიაც. ძირითადად სწორედ კიკორია იყო ამ მიმართულების ხელმძღვანელი და მასთან გვქონდა კონსულტაციები. ისიც და საკრედიტო რისკების დეპარტამენტის წარმომადგენლები აშკარად აანალიზებენ სიტუაციას და მშვენივრად ერკვევიან საკითხში - ესაა სამწუხარო.
როცა ადამიანი ვერ ერკვევა, შიძლება იფიქრო, რომ ვერ აანალიზებს. სამწუხარო ისაა, რომ ძალიან კარგადაც აანალიზებენ, საკითხშიც მშვენივრად ერკვევიან, თუმცა ვიღაცის ახირებას, ან დავალებას არიან აყოლილი, რაც პირველ რიგში არ არის პროფესიონალური მიდგომა საკითხისადმი. ასე რომ არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც იყოს შიდა აზრთა სხვადასხვაობა.“-განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ მათ რჩებათ განცდა, რომ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკვეთით ხდება ეს ყველაფერი.
"აი მას ვინ დაუკვეთა ეს კი არ ვიცი", - აღნიშნა შენგელიამ.

























