"შევხედოთ სექტორს – ბანკებს შორის არის ჯანსაღი კონკურენცია და ეს კარგია, თუმცა, ჩვენი ზომის ეკონომიკის ქვეყნისათვის, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ბანკების გამსხვილება მოხდება, რათა მეტი და თანაბარი კონკურენცია იყოს სექტორში“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Forbes Banker-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს პროცენტების შემცირებასაც გამოიწვევს და საბანკო პროდუქტებისა თუ მომსახურების ხარისხიც კიდევ უფრო დაიხვეწება“, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
შესაძლოა თუ არა, პირდაპირ აიკრძალოს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა? მისი პასუხია, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს იმ მოსაზრებით, რომ თუკი ირიბ მექანიზმებს გარკვეული დრო სჭირდებათ ბაზარზე გავლენის მოსახდენად, პირდაპირი მექანიზმები უფრო სწრაფად მოქმედებენ.
"აქ მთავარი ფაქტორია, რა იქნება ამ გადაწყვეტილების თანამდევი შედეგი. ვთქვათ, რაღაც ზღვრამდე აიკრძალა სესხის გაცემა დოლარით – რა მოხდება ამ სეგმენტში? ხომ არ გადაინაცვლებს ეს სესხები სხვა, არარეგულირებად სექტორზე? ასეთი გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ შეიძლება“, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ზოგადად კი კობა გვენეტაძე მაინც ამ სფეროს რეგულირების „ირიბი, თუმცა გრძელვადიანი და თანამიმდევრული მეთოდების“ მომხრეა.

























