საკონდიტრო კომპანია „ქეიქერი“ ახალი ლოკაციის ძიებაშია - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლებმა ნინო და თეო კუპრეიშვილებმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრეს.
„ჩვენი ლოკაცია არ აღმოჩნდა იმდენად ხალხმრავალი, როგორც თავიდან ჩავთვალეთ. ჩვენ იმ დროს მოგვიწია ბაზარზე შესვლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დიდ ცვლილებებს განიცდიდა, მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. ძალიან დიდი რაოდენობის მიგრანტი შემოვიდა, რომელიც საცხოვრებლის გარდა დაინტერესებული იყო კომერციული ფართებითაც, რამაც გამოიწვია ბაზარზე მკვეთრად ფასების ზრდა. ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ მომენტში, უკეთესი ლოკაციის
ძიების პროცესში ვართ“, - აღნიშნა ნინო კუპრეიშვილმა. ცნობისთვის, „ქეიქერის“ საკონდიტრო თბილისში, მარიჯანის 14 ნომერში მდებარეობს და ის ხუთ ადამიანს ასაქმებს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას თეო კუპრეიშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება, თუმცა ახალი ფილიალის გახსნა არ არის გეგმებში, ვინაიდან კომპანია ფლობს ერთ ობიექტს და აქტიურადაა ჩართული ონლაინ გაყიდვებში.
„ჩვენ დიდწილად ონლაინ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებულები, აქტიურად ვაწარმოებთ გაყიდვებს ჩვენი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით“, - დასძინა მან.