მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უხარისხო ყურძნის შეძენაზე რაც იხარჯება, ნაწილი ღვინის მარკეტინგზე რომ მიმართულიყო, მეტი წინსვლა გვექნებოდა - "ფაფრის ველი"

ღვინო

ღვინის კომპანიების ნაწილში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მხრიდან ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე გაწეული ხარჯები საკმარისი არაა.

საქმე ისაა, რომ 2026 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით, ₾18 მილიონამდე გაიზარდა. 2025 წელს ბიუჯეტი 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა 600 ათასი ლარია.

როგორც BMG-ის „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, თუკი რთველის სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხების ნაწილი მაინც დამატებით ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს მოხმარებოდა.

“თითქოს [კარგად] ჟღერს ხომ 17-18 მილიონი ლარი, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის თანხა, რომელსაც ნებისმიერი მსხვილი დასავლური ღვინის ბრენდი ხარჯავს მარკეტინგზე. აქ ლაპარაკია მთლიანად ქვეყნის პრომოუშენზე, ხომ? და ქვეყნის ღვინის [ინდუსტრიის] ასე წარმოჩენისთვის ეს ფაქტობრივად ზღვაში წვეთიც არ არის. წარმოიდგინეთ, 17 მილიონ ლარად უნდა “დავიპყროთ” მთელი მსოფლიო. მარკეტინგთან ვისაც შეხება აქვს, დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მარტივი ამოცანა.

[ღვინის ეროვნული] სააგენტო ბევრ კარგ აქტივობებს აკეთებს, მაგრამ ის ბიუჯეტი, რაც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის უხარისხო ყურძნის შეძენაზე, იქიდან რაღაც ნაწილი მაინც რომ დახმარებოდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას და გაზრდილიყო [მარკეტინგის] ბიუჯეტი, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტი წინსვლა გვექნებოდა. როცა სუბსიდირებაზე 100 მილიონი იხარჯება და ქართული ღვინის პრომოუშენზე 17-18 მილიონი, ცოტა ირონიულ ღიმილს იწვევს ეს ყველაფერი”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას რეკორდულად ძვირი - 220 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული სუბსიდიით სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები