საქართველოში წარმოებული ჭკვიანი ბეჭდები ადგილობრივ ბაზარზე ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდა. ტექნოლოგიური სტარტაპი CNICK ("კნიკი"), რომელიც აქამდე ექსკლუზიურად საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებდა, ქართველ მომხმარებელს უკონტაქტო გადახდის აქსესუარებს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შესთავაზებს.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს უკვე შეუძლია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი Mastercard-ის ტიპის ბარათი CNICK-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ბეჭედს დაუკავშიროს და ანგარიშსწორება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განახორციელოს - ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდები მიიღება.
როგორც CNICK-ის თანადამფუძნებელმა კობა ცერცვაძემ BM.GE-სთან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლის მხრიდან არსებულ მოთხოვნასა და წარმატებულ საბანკო ინტეგრაციას უკავშირდება:
"ქართველი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა პროდუქტს და სწორედ ახლა მოხერხდა "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობის მიღწევა", - აღნიშნავენ CNICK-ში.
ბრენდი მომხმარებელს ორი თაობის ბეჭედს სთავაზობს: Ring 2-სა და Ring 3-ს.
Ring 2-ს უკონტაქტო გადახდებისა და Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცია აქვს, ხოლო Ring 3 მომხმარებელს დამატებით სთავაზობს ჯანმრთელობის, სპორტული აქტივობისა და ძილის მონიტორინგის ფუნქციებს. საგადახო და ავტომობილის გასაღების ფუნქციები ელემენტის გარეშე მუშაობს, შესაბამისად, მათი გამოყენება მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ბეჭედი დამჯდარია.
პროდუქტის ყიდვა ონლაინ, CNICK-ის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ბეჭდების ღირებულება მასალის მიხედვით განსხვავდება. ქართულ ბაზარზე საწყისი ფასი 369 ლარია, ხოლო ოქროს პრემიუმ მოდელის შემთხვევაში ფასი 4999 ლარამდე აღწევს. ამჟამად ბეჭდის შეძენისას 30%-მდე ქეშბექიც მოქმედებს.
რამდენად უსაფრთხოა ბეჭედი?
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბეჭედს უსაფრთხოების მაღალი დონე აქვს. Apple Pay-სა და Google Pay-ს მსგავსად, CNICK ტოკენიზაციის ტექნოლოგიას იყენებს. ბეჭდის აქტივაციის პროცესში ბარათის სენსიტიური ინფორმაცია იცვლება შემთხვევითი კოდით, ანუ "ტოკენით", შესაბამისად, ბეჭედში რეალური ბარათის მონაცემები არ იწერება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მოახერხებს ბეჭდის ხელში ჩაგდებას, ის ვერ შეძლებს ბეჭდიდან სენსიტიური ინფორმაციის მიღებას.
ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში მისი დისტანციურად დეაქტივაცია მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ტრანზაქციის ზღვარს ზემოთ გადახდისას PIN კოდის შეყვანაა საჭირო. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ CNICK-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის ინფორმაციაზე, როგორიცაა საბანკო და ჯანმრთელობის მონაცემები და მომხმარებელი მას თავად განკარგავს.
ინფორმაციისთვის, ბეჭედი საქართველოში იწარმოება და ერთადერთ ქართულ სამომხმარებლო ელექტრონულ პროდუქტს წარმოადგენს. კომპანია გლობალურად ოპერირებს და მომხმარებლები ჰყავს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა.
























