უკრაინამ და ევროპის საბჭომ ხელი მოაწერეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას.
დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მოაწერეს.
"პირველად იქმნება სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი აგრესიის დანაშაულების განსახილველად. ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილი ეს ტრიბუნალი, ორმაგი სტანდარტების გარეშე საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, პასუხს აგებინებს მათ, ვინც ძალა გამოიყენა გაეროს ქარტიის დარღვევით და დაადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება ეყრდნობა არა სიჩუმესა და დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და ქმედებებს,” - განაცხადა ბერსემ.
სპეციალური ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გამოძიებების ჩატარებას სახელმწიფოს უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტებით არიან დაცული, თუმცა განაჩენების გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი 14 მაისს დაიწყო.




























