5-6 დეკემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო ძალებმა რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს, რაც წელს ამ ობიექტზე განხორციელებული რიგით მეცხრე დარტყმაა - ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent რუსულ "ტელეგრამ" არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დარტყმა არ უხსენებია. მალკოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი "ხანძარი სწრაფად ჩააქრეს" და ინციდენტს მსხვერპლი ან "სერიოზული ზიანი" არ მოჰყოლია.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რიაზანის ოლქის თავზე 29 დრონი ჩამოაგდეს", - წერს უკრაინული მედია.
უკრაინის სამხედრო უწყებას აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რიაზანის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც წლიურად 17.1 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს აწარმოებს, თავდასხმის რეგულარულ სამიზნეს წარმოადგენს, რადგან ის რუსეთის სამხედრო მანქანის მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ობიექტზე თავდასხმა 20 ნოემბერსაც განხორციელდა, რაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ დაადასტურა.
ასევე 5-6 დეკემბრის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა რუსულმა მხარემაც განახორციელა.
მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიშის შედეგად, კიევის მახლობლად მდებარე სარკინიგზო კვანძი დაზიანდა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ, "უკრზალიზნიციამ", "ტელეგრამზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძულებული გახდა, დედაქალაქისა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მიმართულებით რამდენიმე საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა გაეუქმებინა.
თავდასხმამ, რომელიც უკრაინის რეგიონების უმეტესობას შეეხო, სარკინიგზო ობიექტი და ვაგონები დააზიანა, თუმცა „უკრზალიზნიციას“ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.




























