მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დრონებისა და რაკეტების წარმოებაში ეხმარებიან

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებებს იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. აღნიშნული ინფორმაცია ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები პასუხია რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ოკუპანტებმა 400-ზე მეტი დრონი და 40-მდე რაკეტა გამოიყენეს.

„ამ შეიარაღების წარმოება შეუძლებელი იქნებოდა კრიტიკული უცხოური კომპონენტების გარეშე, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლით მაინც იღებენ. ჩვენ ახალ სანქციებს ვაწესებთ სწორედ ასეთი კომპანიების კომპონენტების მომწოდებლების, ასევე რაკეტებისა და დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის განმარტებით, სანქციების მორიგი პაკეტი ეხება რუსეთის ფინანსურ სექტორსაც, კერძოდ კი იმ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ანგარიშსწორება რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის საჭირო დეტალების შესასყიდად.

გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო იმ სააგენტოებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის კრიპტო-ბაზარსა და მაინინგ ოპერაციებს. პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილებების ნაწილი აისახება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც უკვე ფინალურ ეტაპზეა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან სინქრონიზაციას და აგრესორზე ზეწოლის გაზრდას. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 7-8 თებერვლის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას 101 დრონით, მათ შორის 70-მდე Shahed-ის ტიპის აპარატით შეუტიეს. უკრაინელმა სამხედროებმა 69 მათგანის ჩამოგდება ან რადიოელექტრონული საშუალებებით გაუვნებელყოფა შეძლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები