24 ივლისის ღამეს უკრაინულმა მხარემ იერიში მიიტანა რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებზე.
Telegram არხებისა და მედიასაშუალებების ცნობით, დარტყმები განხორციელდა სანქტ-პეტერბურგის მახლობლად (ლენინგრადის ოლქი), ტვერში, ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში.
ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის სოფელ ნოვოსარატოვკაში მდებარე საწყობში, რომელიც უშუალოდ სანქტ-პეტერბურგის ემსახურება. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა ხანძრის ფაქტი და აღნიშნა, რომ დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა კი განაცხადა, რომ ქალაქზე „სამხედრო დანიშნულების უპილოტო აპარატების შეტევა“ განხორციელდა, ხოლო დარტყმა მოსკოვის შოსეზე მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მიადგა. Wildberries-ის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ქალაქის რამდენიმე ლოგისტიკურ ცენტრში მუშაობა დროებით შეჩერდა, ხოლო სიმფეროპოლის სორტირების ცენტრიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა Wildberries-ის ინფრასტრუქტურას უტევს. მანამდე ხანძრები გაჩნდა კომპანიის საწყობებში მოსკოვის ოლქში, ტამბოვში, კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარეში. გამოცემა კომერსანტის გამოთვლებით, უკრაინულმა შეტევებმა უკვე დააზიანა კომპანიის მთლიანი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 10% (დაახლოებით 552 ათასი კვადრატული ტერიტორია).
18 ივლისს განხორციელებული იერიშების შემდეგ, რასაც 8 ადამიანის მსხვერპლი და 50-მდე დაშავება მოჰყვა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო საპასუხო დარტყმები რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე.
ზელენსკის თქმით, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები გამოიყენებოდა რუსული არმიისთვის დრონებისა და სანავიგაციო მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო სანქცირებული კომპონენტების მიწოდების ჯაჭვში.




























