9 ივლისს, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთის 2 მოქალაქე მამა-შვილი დააკავა. უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჩინეთის მოქალაქეები ცდილობდნენ „ნეპტუნის“ ტიპის უკრაინული რაკეტების წარმოების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის ქვეყნიდან გატანას.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ბრალდებული, 24 წლის კიევის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი საიდუმლო ინფორმაციის მიღებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დაკავებულის მამას, ის ჩინეთიდან უკრაინაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა და სავარაუდოდ, ჯაშუშური ოპერაციის განხორციელებას შვილთან ერთად გეგმავდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა უშიშროების თანამშრომლის გადაბირება და მისგან თავდაცვითი ტექნოლოგიების შესახებ ღირებული ინფორმაციის მოპოვება სცადა. უწყება ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში ამოღებულ ტელეფონში ამის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა აღმოჩნდა.
ჩინეთის მოქალაქე მამა-შვილის წინააღმდეგ საქმე ჯაშუშობის მუხლით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისინი ციხეში 15 წელს გაატარებენ.



























