ზაპოროჟიეს და ნიკოპოლის ფეროშენადნობების ქარხნებმა, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკის პრივატ ჯგუფის საკუთრებაშია, ოპერირება შეაჩერეს, - ამის შესახებ თავად კომპანიებმა გააკეთეს განცხადება.
ZFZ-ის განმარტებით, შეჩერება ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების ხარვეზებით არის განპირობებული.
კომპანიის განმარტებით ქარხნის ღუმელები მუდმივ რეჟიმში ოპერირებაზე არის გათვლილი და მათი სტარტი საკმაოდ ძვირად ღირებული ხარჯია, შესაბამისად, დენის წყვეტის პირობებში კომპანიის ოპერირება არარენტაბელური ხდება.
სექტემბერში ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ოფიციალურად წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რაც მის ნავთობკომპანიების ფინანსურ მანიპულაციებს ეხება. მას ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედება. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, კოლომოისკი 2019-2020 წლებში დაახლოებით 13.5 მლნ დოლარის ოდენობის ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული.
საქმე ეხება ნავთობპროდუქტების არამიზნობრივ განკარგვას და საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდებას კომპანიებში «Укртатнафта» და «Укрнафта».
იგორ კოლომოისკი და მისი ბიზნეს პარტნიორი გენადი ბოგოლიუბოვი საქართველოშიც ფლობენ მსხვილ აქტივებს, მათ შორის ყველაზე დიდია კომპანია ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანას, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს, მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ვარციხეს ჰიდროელექტროსადგურს ფლობს.