უკრაინელი მეღვინეების კორპორაცია Ukrvinprom-ის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ კუჩერენკო ამბობს, რომ ისინი უკრაინის მთავრობისგან ითხოვენ სანქციების დაწესებას საქართველოსა და სომხეთის იმ მეღვინეების მიმართ, რომელთა პროდუქცია რუსეთის ფედერაციას კვლავ მიეწოდება.
"Ukrvinprom-ი სახელმწიფოს ერთი წელია სთხოვს სანქციების დაწესებას ღვინისა და კონიაკის მწარმოებლების მიმართ საქართველოდან და სომხეთიდან, რომელთა პროდუქცია კვლავ მიეწოდება რუსულ ბაზარს. დაპირების მიუხედავად, ამ საქონლის გაყიდვა გრძელდება. ღვინის წამყვანი ქვეყნებიდან ბევრი პროდუქტი რუსეთში ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით ჩადის. ამერიკული ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2023 წელს ღვინის პროდუქტების ძირითადი ექსპორტიორი რუსეთის ფედერაციაში იყო იტალია და საქართველო. იტალიიდან ექსპორტი 171,5 მლნ აშშ დოლარია, საქართველომ 168,3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა",- ამბობს Ukrvinprom-ის გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრესორი სახელმწიფოსთვის ღვინის პროდუქტების მიწოდებაში, რადგან ტრანზიტი ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვისა და ლატვიის, გავლით ხდება.
"დარწმუნებული ვარ, დროა მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკრაინელი მწარმოებლების დასაცავად",- ამბობს ვოლოდიმირ კუჩერენკო.