მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი მილიარდერი, რომელსაც საქართველოს ფეროშენადნობების წარმოება ეკუთვნის

5d3ec3cbb7a58
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.19 15:25
3214
იგორ კოლომოისკი უკრაინის მეექვსე უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის 2019 წლის რეიტინგით, მისი ქონება $1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კოლომოისკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა. 2016-ში კი, ფულის გათეთრების სქემის გამოვლენის საბაბით, მთავრობამ მასში სპეციალური მართვა დააწესა და ბანკის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ დროისთვის კოლომოისკისა და პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთიერთობა უკვე დაძაბული იყო, მას 2015 წლის მარტში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება მოუწია. 2019 წლის მაისამდე კოლომოისკი შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა, ვლადიმერ ზელენსკის არჩევის შემდეგ კი, უკრაინაში დაბრუნდა. ზელენსკისა და კოლომოისკის ურთიერთობა წარსულშიც ჰქონდათ, რადგან ზელენსკის კომედიური შოუ, "სლუგა ნაროდა" სწორედ კოლომოისკის კუთვნილ ტელეარხ 1+1-ზე გადიოდა. შემდგომში, სატელევიზიო სერიალის სახელი, ზელენსკის პოლიტიკური პარტიის სახელად იქცა. 

დღეს უკრაინელ მილიარდერს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პოტენციალის მქონე ინდუსტრიის დიდი ნაწილი ეკუთვნის. ჭიათურის სამთო მომპოვებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური სწორედ იგორ კოლომოისკის საკუთრებას წარმოადგენს. ამ კომპანიებში ჯამურად 6,000 ადამიანი არის დასაქმებული. 

კომპანიის საქმიანობა საქართველოში 2006 წელს დაიწყო. 2006 წლის 11 ნოემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონზე, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა “ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. ამ დროს კომპანიის მფლობელი ბრიტანული Stemcore იყო.

საქართველოს მთავრობამ ბრიტანულ კომპანიასთან მოლაპარაკებები საბოლოოდ 2007 წლის დასაწყისში დაასრულა და 2007 წლის 5 იანვარს, "თბილისი მარიოტში" მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ და Stemcore-ის წარმომადგენელმა ალექსანდრ ზილბერმანმა გარიგების ფინალიზების შესახებ გამართეს ბრიფინგი. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ გარიგების ღირებულება $115 მილიონი დოლარი იყო. 

მალევე, Stemcore-მა აღნიშნული ბიზნესის საკონტროლო პაკეტი კოლომოისკის ბანკის ჯგუფს, “პრივატს” მიჰყიდა. ამ წლებში საქართველოში კოლომოისკის უკრაინული ბანკის შვილობილი “ტაო პრივატ ბანკი” ოპერირებდა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ბანკს შეუერთდა. პარალელურად, რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს გაუჩნდა პრეტენზია, რომ მათ თავის დროზე კომპანიის წილები უკანონოდ ჩამოერთვათ. 

იურიდიულად, “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელს ლუქსემბურგში დაფუძნებული ”ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი” (GAA) ფლობს. თავად GAA-ს ლუქსემბურგის ოფისი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის შვილობილია.

“ჯორჯიან მანგანეზი” მისი ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, ცნობილია მხოლოდ ჯგუფის ერთი წევრის - ვარციხეჰესის ფინანსური მაჩვენებლები. ჰესის აქტივები 2017 წლის ბოლოსთვის 150 მილიონ ლარს შეადგენდა და მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 95% ზესტაფონის ქარხანასა და ჭიათურის სამთო კომბინატს მიეწოდება. სადგური წლის განმავლობაში დაახლოებით 850,000 მეგავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან $179 მილიონი დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ამ თანხის ნახევარზე მეტი “ჯორჯიან მანგანეზზე” მოდის, თუმცა ზუსტი რიცხვები საჯაროდ ცნობილი არაა.

"ჯორჯიან მანგანეზის" სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან, რასაც კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა მოჰყვა. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სწორედ იმ ბიზნესმენთა ჯგუფის ნაწილად მოიაზრებოდა, რომელიც კომპანიას წარსულში ფლობდა. ამ დროისთვის სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს უფლებამოსილების შესრულების ვადა გასდის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ ბიზნესმენთა ჯგუფმა, რომელიც წარსულში ფლობდა კომპანიას დღევანდელ მესაკუთრეებთან ასე თუ ისე დაალაგა ურთიერთობა. 

იგორ კოლომოისკის მეტალურგიული ბიზნესი მხოლოდ საქართველოსგან არ შედგება. GAA-ს სათაო ოფისი, რომელიც მაიამიში მდებარეობს, ასევე ფლობს დასავლეთ ვირჯინიის შტატში, ქალაქ ნიუჰევენში მდებარე ფეროშენადნობების მწარმოებელი Felman Production-ი, ასევე კენტუკის შტატში ქალვერთ სითიში მდებარე მეტალურგიული ქარხანა - CC Metals & Alloys LLC.

წარმოების გარდა, GAA ფერო-სილიკონ მანგანუმის თრეიდინგითაც არის დაკავებული, რასაც ის კომპანია “ფელმან თრეიდინგის” მეშვეობით ახორციელებს. კომპანია ამერიკის უმსხვილეს მეტალურგიულ კომპანიებზე ყიდის ფეროშენადნობებს. და რამდენიმე უმსხვილეს აქტოვებს ფლობს შეერთებულ შტატებში. ფეროსილიკონ მანგანუმის გარდა, იგორ კოლომოისკის სხვა მეტალურგიული აქტივებიც ეკუთვნის. მათ შორის ფოლადის მილებისა და არმატურის მწარმოებელი ქარხნები მიჩინაგნისა და კენტუკის შტატებში.





გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები