უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ პროექტს აქვეყნებს.
კანონმდებლების შეფასებით, საბაზო სცენარით, 2023 წელს უკრაინის ეკონომიკის 3.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, ნაცვლად 4.6%-ისა. წლიური ინფლაციის პროგნოზი კი 30%-დან 28%-მდეა შემცირებული.
რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის პროექტს, შემოსავლის სახით 2023 წელს მთავრობა 1.3 ტრილიონი უკრაინული გრივნის მიღებას გეგმავს, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით დაახლოებით 35.2 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტია.
შმიგალის განცხადებით, საგადასახადო სისტემის რეფორმის წყალობით, სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს 50 მილიარდი გრივნით ($1.3 მლრდ) მეტის მიღებას შეძლებს.
საბიუჯეტო ხარჯები 2023 წლისთვის 2.6 ტრილიონი გრივნით განისაზღვრა, რაც 70.4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ დახმარებაზე, ომით დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მის გამართულ ფუნქციონირებაზე დაიხარჯება.
ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრი ეროვნულ თავდაცვას ასახელებს. ოკუპანტებისგან თავის დაცვის მიზნით, უკრაინული შეიარაღებული ძალების დაფინანსება 1 ტრილიონ გრივნამდე ($27 მლრდ) გაიზრდება, რაც მშპ-ის მთლიანი მოცულობის 18%-ია.
მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტს პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები დააფინანსებენ, კერძოდ, აშშ, ევროკავშირი, IMF და მსოფლიო ბანკი უკრაინის დასახმარებლად თითქმის 38 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.




























