25 ივნისს თბილისს უკრაინის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ამჟამად უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი ეწვევა. ვიზიტი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილი საქართველო-უკრაინის ბიზნეს-საინვესტიციო ფორუმის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს გაცნობა და კონკრეტული ბიზნეს პროექტების დაწყების პერსპექტივების განხილვა უახლოეს მომავალში.
პირველ შეხვედრას ანატოლი კინახი 25 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართავს, რომელსაც დაესწრებიან ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი.
ვიზიტის ფარგლებში ანატოლი კინახი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძესთან, ბიზნეს ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან და ბიზნეს სექტორთან.
ანატოლი კინახის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სხვადასხვა დროს იკავებდა უკრაინის პრემიერ მინისტრის და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებს, ასევე იყო პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ლობირებს ბიზნეს სექტორს უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტის რანგში. ამდენად, ანატოლი კინახის სტუმრობა საქართველოში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ბიზნეს და ეკონომიკური წრეებისთვის.

























