მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინის ომის გამო ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია ჩვენთან თანამშრომლობაზე თავს იკავებს“ – GrECo Georgia

63ca91453a501
თინათინ ნატმელაძე
20.01.23 22:03
600
დაზღვევის საბროკერო კომპანია GrECo Georgia-ს გენერალური დირექტორის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რეგიონში ბევრი სირთულე შექმნა, რომელიც სადაზღვევო სფეროზეც აისახა. ლევან ჯიშკარიანმა BM.GE-თან განაცხადა, რომ გარკვეულ სახეობებში გადაზღვევაზე უარი უთხრეს, რადგან საქართველოდან რისკების აღება არ უნდოდათ.

„ჯამში ჩვენთვის საკმაოდ პოზიტიური წელი იყო, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდა გვქონდა. ამის მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი სირთულეები შექმნა. ბევრ სახეობაში სადაზღვევო პაკეტების საფასური შეიცვალა, მაგალითად, ავიაციის მიმართულებით, ტერორიზმის დაზღვევის მიმართულებით, რაღაც სახეობებში საერთოდ უარი გვითხრეს გადაზღვევაზე. გვითხრეს, რომ თქვენ ძალიან ახლოს ხართ ეპიცენტრთან და ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ საქართველოდან რისკების აღებაზეო“, - განაცხადა ლევან ჯიშკარიანმა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე კომპანია ახალი საერთაშორისო ბაზრების მოძიების პროცესშია.

„ჩვენს ისტორიაში პირველად დადგა ასეთი მოცემულობა, რომ გვიჭირს დიდი პროექტების 100%-ით გადაზღვევა და ვეძებთ ახალ პარტნიორებს, ახალ ბაზრებს, რომლებიც აქამდე საქართველოთი არ იყვნენ დაინტერესებულები. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ გადაზღვევის ბაზრებზე, თუმცა საერთო ჯამში, საქართველოს შეთავაზებები საერთაშორისო კომპანიებისთვის მაინცდამაინც საინტერესო არაა, ძალიან პატარა ვართ მათთვის, მაგრამ ჩვენი ავსტრიელი კოლეგებიც გვეხმარებიან და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად გადავლახავთ ამ სირთულეებს“, - განმარტავს GrECo Georgia-ს დირექტორი.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, BM.GE-ს ამ საკითხზე GrECo Georgia-ს სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი თამილა ლიპარტელიანი ესაუბრა, რომელიც გვიყვება, რომ კომპანია უახლოეს მომავალში განსხვავებულ Employ Benefit-ებზე დაიწყებს მუშაობას.

„ახალ პროექტებს რამდენიმე მიმართულებით ვახორციელებთ, პირველი არის ციფრული პორტალი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი კლიენტებისთვის, მოიცავს ერთიან სისტემას, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ერთად შეარჩიონ ყველა სახის Employ Benefit. მეორე მიმართულება არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და მათი მართვა, ფსიქოლოგიური დახმარება თანამშრომლებისთვის, ემოციების მართვის ნაწილში, როგორც ტექნიკურად, ისე ადგილობრივი პროფესიონალების ჩართულობით, ალბათ ამ პროექტის სრული სურათი გაზაფხულისთვის უკვე მზად გვექნება“, - ამბობს თამილა ლიპარტელიანი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ GrECo Georgia საქართველოში, MAI Georgia-ს სახელით, 2007 წლიდან პოზიციონირებდა, გასული წლის ნოემბერში კი ის ავსტრიულმა ჯგუფმა GrECo-მ შეიძინა და განსხვავებული სახელით ოპერირება განაგრძო. კომპანია ერთ-ერთი წამყვან სადაზღვევო საბროკერო ჯგუფს - MAI Central and Easter Europe-ს წარმოადგენს და მისი სადაზღვევო მომსახურებით ასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია სარგებლობს, რომლებიც მოღვაწეობენ წარმოების, ენერგეტიკის, მედიცინის, სპორტის, მშენებლობის, იურისპრუდენციის, ტურიზმის, ავიაციისა და ხელოვნების სფეროში