მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას 10 წელიწადში $588 მლრდ დასჭირდება - მსოფლიო ბანკი

უკრაინა

უკრაინის აღდგენა მომდევნო 10 წელში $588 მილიარდი დოლარი დაჯდება - აღნიშნული მონაცემები ზიანისა და საჭიროებების სწრაფი შეფასების (RDNA5) განახლებულ ერთობლივ ანგარიშშია მოყვანილი, რომელიც უკრაინის მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა, ევროკომისიამ და გაერომ გამოაქვეყნეს.

დოკუმენტი 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გასაჯაროვდა.

პირდაპირმა ზარალმა უკვე $195 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის თებერვალში გამოქვეყნებულ შეფასებასთან ($176 მილიარდი დოლარი) შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

RDNA5 მოიცავს პერიოდს 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე და აფასებს იმ რეფორმებსა და საინვესტიციო ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიმდინარეობს.

რეკონსტრუქციისა და აღდგენის კუთხით ყველაზე დიდი საჭიროებები შემდეგ სექტორებშია: ტრანსპორტი ($96 მილიარდ დოლარზე მეტი), ენერგეტიკა (თითქმის $91 მილიარდი) და საბინაო სექტორი (თითქმის $90 მილიარდი). ვაჭრობისა და მრეწველობის აღდგენას დაახლოებით $63 მილიარდი სჭირდება, სოფლის მეურნეობას კი - $55 მილიარდზე მეტი.

ასაფეთქებელი საფრთხეების მართვისა და ნანგრევების გაწმენდის ხარჯები თითქმის $28 მილიარდ დოლარს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიების გამოკვლევასა და განაღმვაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, რამაც სექტორში დანაკარგების შეკავებას შეუწყო ხელი.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველაზე მეტად საბინაო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორები დაზარალდა. ზარალი და საჭიროებები კონცენტრირებულია ფრონტისპირა ოლქებსა და დიდ მეგაპოლისებში.

რეკორდულად ცივი ზამთრის ფონზე, რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორზე თავდასხმები გააძლიერა. შედეგად, ბოლო შეფასების შემდეგ, დაზიანებული ან განადგურებული აქტივების რაოდენობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა.

რკინიგზასა და პორტებზე გახშირებული იერიშების გამო, გასულ წელს სატრანსპორტო სექტორის საჭიროებები 24%-ით გაიზარდა. დაზიანებული ან განადგურებულია საცხოვრებელი ფონდის 14%, რაც 3 მილიონზე მეტ ოჯახს შეეხო.

პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი, რომელიც უპრეცედენტო შეფერხებების წინაშე აღმოჩნდა, აღდგენასა და რეკონსტრუქციაში კრიტიკულ როლს შეასრულებს.

თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო ინვესტიციების პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, კონკურენციის გაძლიერების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით რეფორმების გატარებაზე.

გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა უკრაინაში, მათიას შმალემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის აღდგენის ცენტრში ადამიანები დგანან.

"უკრაინის ყველაზე კრიტიკული აქტივი მისი ხალხია. ლტოლვილთა დაბრუნება, ვეტერანთა რეინტეგრაცია და სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ აღდგენას ისევე განსაზღვრავს, როგორც კაპიტალის ნაკადები და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აღდგენა ადამიანსა და საზოგადოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული", - განაცხადა მან.

RDNA5 აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, პარტნიორების მხარდაჭერით 2026 წლის პრიორიტეტების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს:

ეს მოიცავს 15 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განადგურებული სახლების აღდგენაში, განაღმვასა და ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე, გადაუდებელი შეკეთებისა და ადრეული აღდგენის ღონისძიებებით უკვე დაკმაყოფილდა სულ მცირე 20 მილიარდი დოლარის საჭიროება ისეთ სექტორებში, როგორიცაა საბინაო, ენერგეტიკა, განათლება და ტრანსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები