უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა, Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს Twitter-ის საშუალებით შესთავაზა, რომ ავსტრალიისთვის მოფიქრებული ენერგეტიკული პროექტის უკრაინაში განხორციელება განიხილონ, - წერს BBC.
სოციალურ ქსელში მიმდინარე განხილვისას, რომელიც ავსტრალიაში განახლებადი ენერგიის Powerwall 2-ის საშუალებით შენახვას ეხებოდა, ილონ მასკს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ამ პროექტის უკრაინაში განხორციელება.
"რასაკვირველია. უბრალოდ გაეცანით ჩემს წინა ტვიტს ფასთან დაკავშირებით... ვებ-გვერდი მალე განახლდება და სრული ღიაობა იქნება", - დაწერა პასუხად მასკმა.
"მადლობა, საინტერესო იდეაა. უკრაინას ძალიან სურს სატესტო მოედანი გახდეს ინოვაციებისთვის. მოდით ამაზე დეტალურად ვისაუბროთ", -დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა.
გასულ კვირას, ილონ მასკმა ნიძლავი დადო, რომ 100 დღეში მოაგვარებს ავსტრალიის სამხრეთი შტატის ენერგეტიკულ პრობლემას, აკუმულატორების საშუალებით, რომლებსაც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შენახვა შეეძლებათ.

























