უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
შესაბამისი ბრძანება უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
„მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ზელენსკის გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა, ხოლო 2017 წელს „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ყოფილ პირველ პირს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

























