მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის საგარეო უწყება, უკრაინაში საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

63d1641552a08
ალა ისპირიანი
25.01.23 21:17
721
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევჰენ პერებიინისისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევჰენ პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქების, კიევის, ლვოვის, ხარკოვის, მიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდებისთვის, ასევე, საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელს იგეგმება.

ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს პოზიციას და შეუერთდება პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან.

„მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან ,ასევე, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო.

თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლებას. ევჰენ პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა ქართველ დიპლომატს, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა, ასევე, დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისო დიალოგის გააქტიურება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იევჰენ პერებიინისი და საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი დღეს, 25 იანვარს შეხვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები