უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას დანიშვნას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოსტზე მან მიხაილო ფედოროვი ჩაანაცვლა.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ევგენი ხმარას კანდიდატურას 312-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახლად დანიშნულმა მინისტრმა ფიცი უკვე დადო.
სხდომაზე ხმარამ განაცხადა, რომ მან უკვე დატოვა სამხედრო სამსახური. უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, თავდაცვის მინისტრის პოსტი მხოლოდ სამოქალაქო პირს შეუძლია.
ევგენი ხმარას თქმით, მისი საკვანძო მიზნები ფრონტი, ჯარის განვითარება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იქნება.
ახალმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით „კომპლექსური გადაწყვეტილებაა“ მისაღები, ხოლო უკრაინელი სამხედროები უნდა იყვნენ სათანადოდ მომზადებულები, ეკიპირებულები და ინტეგრირებულები. მისივე თქმით, მობილიზაციის გეგმა ომის ხედვაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რაზეც სამინისტრო გენერალურ შტაბთან ერთად უკვე მუშაობს.
მანამდე უკრაინის პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრიი სიბიგას დანიშვნას დაუჭირა მხარი.
საკადრო როტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში მთავრობასა და სამართალდამცავ უწყებებში ცვლილებები დააანონსა. მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობის ახალი მიმართულების ჩაბარება შესთავაზა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს.




























