უკრაინის შეტევებმა რუსეთის ნავთობის გადამუშავების რეალური სიმძლავრეების 30%-ზე მეტი, ხოლო ნომინალური სიმძლავრეების 45%-ზე მეტი გამოიყვანა მწყობრიდან, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისი გამოიწვია.
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2013 წელს შავი ზღვის პორტ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ეწვია, რათა იმ დროისთვის რუსეთის უმძლავრესი ნავთობგადამმუშავებელი დანადგარი გაეშვა. მან ამ მოწინავე ტექნოლოგიას „არაჩვეულებრივი“ უწოდა.
დღეს ეს ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების თავდასხმების შედეგად, რომელთა მიზანიც კრიტიკული კომპონენტების განადგურებით წარმოების პარალიზებაა", - ვკითხულობთ გამოცემა Financial Times-ის ანალიზში, რომელშიც რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინული კამპანიის გავლენაა განხილული.
FT-ის მიერ ქარხნების სქემების, ფოტოებისა და თანამგზავრული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ რამდენიმე მსხვილ რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მიყენებული ზიანი თავდასხმებიდან კვირების ან თვეების განმავლობაში ნარჩუნდება.
აპრილის ბოლოს ტუაფსეს ქარხანაზე განხორციელებულმა ორმა თავდასხმამ ცაზე შავი კვამლის გიგანტური სვეტები წარმოქმნა, რაც მოგვიანებით ტოქსიკურ ნალექად ჩამოიღვარა.
FT-ის შეფასებით, დარტყმებმა ათზე მეტი დიდი და საშუალო ზომის რეზერვუარი გაანადგურა, რომელთა ჯამური ტევადობაც დაახლოებით 80 000 კუბურ მეტრს შეადგენდა.
ანალიზის თანახმად, რუსეთის 10 უმსხვილეს ქარხანაზე (მათ შორის ომსკში, მოსკოვსა და ტუაფსეში) თავდასხმების კვალი კოსმოსიდან კვირების ან თვეების განმავლობაში ნათლად ჩანდა.
თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, თუ რამდენად ნელა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოსკოვის ქარხანაზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგაც კი, ნავთობის დიდი რეზერვუარის დაზიანებული სახურავი კვლავ ადგილზე დევს. სამი მცირე რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მილსადენები ასევე საგრძნობლად არის დაზიანებული.
შედარებით მცირე ზომის ქარხნებიც პრაქტიკულად გაჩერებულია, მათი საცავები და გადამმუშავებელი ობიექტები ნანგრევებად რჩება.
ჯამში, თავდასხმების შედეგად რუსულმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების დაახლოებით 45% დაკარგეს.
რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების სიმძლავრეები და სტატუსი უკრაინული დრონების დარტყმების შემდეგ
| ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მდებარეობა | მუშაობს (Online) | გაჩერებულია (Offline) | ჯამური სიმძლავრე (ათასი ბარელი/დღეში) |
| ომსკი | 440 | 0 | 440 |
| კირიში | 0 | 408 | 408 |
| რიაზანი | 174 | 174 | 357 |
| ნიჟნი-ნოვგოროდი | 172.6 | 172.6 | 345 |
| ვოლგოგრადი | 171 | 171 | 342 |
| ნიჟნეკამსკი | 307 | 0 | 307 |
| იაროსლავლი | 240 | 60 | 300 |
| პერმი | 266 | 0 | 266 |
| მოსკოვი | 88 | 163 | 263 |
| ტუაფსე | 0 | 243.6 | 243.6 |
| უსტ-ლუგა | 77.7 | 155.3 | 235 |
| სალავატი | 203 | 0 | 203 |
| აფიპსკი | 96.6 | 96.6 | 192.6 |
| ნოვოკუიბიშევო | 0 | 193.2 | 193.2 |
| უფანეფტექიმი | 193 | 0 | 193 |
| ანტიპინსკი | 189 | 0 | 189 |
| სიზრანი | 0 | 172.6 | 172.6 |
| ნიჟნეკამსკი | 75 | 75 | 150 |
| ნოვო-უფა | 145 | 0 | 145 |
| სარატოვი | 71 | 71 | 142 |
| სამარა-კუიბიშევი | 0.1 | 142 | 142.1 |
| ილსკი | 65 | 65 | 130 |
| ნოვოშახტინსკი | 55 | 55 | 110 |
| სლავიანსკ-ნა-კუბანი | 0 | 105 | 105 |
| უხტა | 85 | 0 | 85 |
| ასტრახანის გაზგადამამუშავებელი | 0 | 66 | 66 |
აშშ-ისა და საფრანგეთის დაზვერვის დახმარებით განხორციელებულმა უკრაინის კამპანიამ რუსეთში მძიმე საწვავის კრიზისი გამოიწვია, რის გამოც თითქმის ყველა რეგიონში გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა, ავტოგასამართ სადგურებთან კი რიგები წარმოიქმნა. ფოტოები აჩვენებს, რომ რუსულმა ქარხნებმა 2022 წლიდან დრონებისგან დამცავი ბადეები გააფართოვეს, თუმცა უკრაინის მასშტაბურ თავდასხმებს ამ ბარიერების გარღვევა შეუძლიათ.




























