მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საავიაციო ქარხნებს შეუტიეს

აფეთქება რუსეთში

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ორ სტრატეგიულ სამრეწველო ობიექტს - ლენინგრადის ოლქის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ნოვგოროდის საავიაციო საწარმოს დაარტყეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მონიტორინგის არხების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა იერიში ქალაქ კირიშიში მოქმედ Киришинефтеоргсинтез-სა და სტარაია-რუსაში მდებარე 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანაზე მიიტანეს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ნავთობსაწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო ქალაქ ვსევოლოჟსკში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ნოვგოროდის ოლქს, აფეთქებების სერია ქალაქ სტარაია-რუსაში, 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ცნობისთვის, ეს საწარმო სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატ Rostec-ის შემადგენლობაში შედის და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების - Il-76-ის, Il-78-ისა და L-410-ის, ასევე საავიაციო ძრავების შეკეთებასა და მომსახურებაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის გამო, ევროკავშირმა ამ ქარხანას საერთაშორისო სანქციები უკვე დაუწესა.

რაც შეეხება ლენინგრადის ოლქში დაზიანებულ Киришинефтеоргсинтез-ს, ის ნავთობკომპანია Surgutneftegas-ის შვილობილი საწარმოა. ეს ქარხანა რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობის თითქმის 7%-ს, ანუ დღეში 350,000 ბარელს ამუშავებს.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიშები მას შემდეგ განაახლა, რაც მოსკოვმა უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვა ტრამპის მოწოდების მიუხედავად განაგრძო.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობსაწარმოებზე დარტყმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს, თუ მოწინააღმდეგე უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე თავდასხმებს შეწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები