მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკვე გვაქვს განცხადებების დიდი რაოდენობა" - საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე

ანა ლომთაძე
სტატიაში საუბარია:

2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 30 მაისს იწურება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. როგორც გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” ”საქართველოს ბანკის” CSR მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ განაცხადა, ჯილდოზე უკვე დიდი რაოდენობის განცხადებებია შესული.

"გვიხარია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მასწავლებლები და მათი ფასდაუდებელი შრომა დავაფასოთ. წელს, უკვე გვაქვს განცხადებების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ჯერ მიმდინარეობს განაცხადების მიღება და ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ანა ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. წელს პირველი წელია, როცა საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერიცაა. როგორც ანა ლომთაძემ აღნიშნა, ისინი აპირებენ, რომ ეს მხარდაჭერა მომდევნო წლებშიც გაგრძელდეს.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ მასწავლებელმა და ათეულთა კლუბის საბჭოს წევრმა ანა კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია.

„მე როგორც მასწავლებელი წლებია ვაკვირდები ამ დინამიკას. ვხედავ, რომ ყოველწლიურად მეტად პოზიტიური შინაარსის არის. გაიზარდა მასწავლებლის მხრიდან თანამშრომლობის და ერთმანეთის დაფასების ტენდენცია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

მასწავლებლების ჯილდო სამ ეტაპად გაიმართება:

  • კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
  • მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.

5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.

კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები