მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან"

5864b88b69053
BM.GE
29.12.16 11:11
1599
"რთველი 2016 - წელს გადამუშავდა 115 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა იმ კუთხით, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ“, - სახელმწიფო პროგრამები დღევანდელ მტავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, გაზრდილია მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით.

„მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში ეს დაახლოებით 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, რა თქმა უნდა ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებშიც ანალოგიურად საპროცენტო ზრდის პარალელურად“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს პრემიერმა შემდეგი საკითხები გამოყო:

"2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები