"უმალი" ინვესტიციების მოზიდვას საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემის გამო ვერ ახერხებს
ლიკა გურაბანიძე
19.03.19 13:50
• 1832
თევზის და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "უმალი" 2019 წლის გაზაფხულზე ბრენდულ მაღაზიას ვეღარ გახსნის.
როგორც bm.ge-ს კომპანია "უმალის" დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, პრობლემას კვლავ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან არსებული შეუთანხმებლობა წარმოადგენს, რაც ინვესტორის დაინტერესებას და ინვესტიციების მოზიდვის პროცესს ართულებს.
კერძოდ, როგორც დადიანიძე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ საგზაო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს ცენტრალური მაგისტრალიდან ქარხნამდე მისასვლელი გზა დაიკეტა, რის გამოც კომპანიას საკმაოდ ბევრ პროექტზე ხელი შეეშალა, ამ დრომდე არ იცვლება.
"მაღაზიის გახსნას ვგეგმავდით, მაგრამ ასეთ პირობებში ძალიან რთულია. ჩვენ შეთანხმებას ვერ ვახერხებთ და ამის გამო მდგომარეობა არ იცვლება. ინვესტორები იმის გამო, რომ გზის პრობლემა არსებობს, კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებენ", - აღნიშნა ალექსანდრე დადიანიძემ.
ალექსანდრე დადიანიძე bm.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ "უმალი" წარმატებული საწარმოა და მისი გაყიდვები მზარდია. მისი განცხადებით, გასული წლის მარტი-აპრილის თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
bm.ge საგზაო დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და როგორც უწყებაში განმარტეს, მათთვის ნებისმიერი სახის ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმება სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება.
"უმალის" საწარმოს თავის დროზე ნებართვა ჰქონდა მიცემული იმაზე, რომ შიდა საგზაო ქსელით ესარგებლა, თუმცა, ამის გამო, რამდენიმე კილომეტრით უგრძელდებოდა გზა.
ჩვენგან ნებართვა ჰქონდა მიღებული, რომ როდესაც ააშენებდა გზას, შიდა საგზაო ქსელს დაუერთდებოდა და იქედან გამოატარებდა მანქანებს. როდესაც ქარხანა ააშენეს, სავარაუდოდ, ჯერ გზა გაჭრეს და მერე მოგვმართეს დაერთებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთებაზე სხვა უსაფრთხოების რეგულაციები მოქმედებს. ამიტომაც, მათ ამ საკითხზე უარი ეთქვათ", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, კომპანია მაღაზიის გახსნას თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გეგმავდა. მშენებლობისთვის სხვადასხვა სახის ადგილმდებარეობა განიხილებოდა. მაღაზია "უმალის" სახელწოდებითვე იქნებოდა წარმოდგენილი და მხოლოდ კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია გაიყიდებოდა.
როგორც ცნობილია, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო "ერთიანი აგროპორექტის" ფარგლებში შეიქმნა.
"უმალი" წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.